პირველი შეხედვით, ანუ სტატისტიკური კუთხით, ტოპ 14-ის გასული ტური უშედეგო იყო ქართული ლეგიონისთვის, თუმცა ტურის მთავარ მატჩში ბექა გორგაძის თამაში ბევრ რამედ ღირდა. პრო დ2-ში კი, უკვე ტრადიციულად, ქართველთა გამორჩეულობა გასულ უქმეებზეც თვალშისაცემი გახლდათ.
ტოპ 14
მე-7 ტურში გამორჩეული მატჩი, ცხადია, ლიდერების ჯახი იყო – „პო“ საფრანგეთის მოქმედ სარაგბო ჩემპიონ „ტულუზს“ მასპინძლობდა. ყველასთვის მოულოდნელად, ბასკებმა ტულუზელების ძლევა მოახერხეს და მართალია, სანუგეშო ბონუსი გაატანეს, მაგრამ 30:26 საკმარისი გახდა იმისთვის, რათა 23-ქულიანი „პო“ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გამხდარიყო. ამ მოკრძალებული კლუბისთვის ეს გამარჯვება საეტაპო ხასიათისაა და სასიამოვნოა, რომ ბორჯღალოსანი ბექა გორგაძე ჩემპიონთან უმძიმესი დაპირისპირების გამორჩეული გახლდათ. ეს კი არა, „მიდი ოლიმპიკმა“ „ბექსონა“ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
„ტულონმა“ „რასინგ-92“-ს უმასპინძლა და ბონუსითაც დაამარცხა – 45:21. ტულონელები მეხუთე ადგილზე 19 ქულით ავიდნენ, თანაც მათ „ლა როშელთან“ გადადებული საშინაო მატჩიც მარაგში აქვთ, ასე რომ, პოტენციური ლიდერებიც ისინი არიან. ხსენებულ გამარჯვებაში კი გარკვეული წვლილი ბექა გიგაშვილსაც მიუძღვის, რომელმაც დასკვნითი ნახევარი საათი ითამაშა. დაახლოებით ასეთივე დრო მინდორზე პარიზელებმა გურამ გოგიჩაშვილმა და გია ხარაიშვილმა გაატარეს.
პრო დ2
ამ ლიგას „კოლომიესთან“ ერთად „ვანი ლიდერობს, რომელმაც „ოიონაქსს“ უმასპინძლა და ბონუსითაც იმარჯვა – 36:17. ვანელთა შორის ბოლო 10 წუთი მიხეილ ალანიამ გაატარა, ხოლო „ოიონაქსის“ სასტარტოში ქართული ტრიო სრული შემადგენლობით იყო – ვანო კარკაძე, ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა. ამ უკანასკნელმა გუნდის 17 ქულიდან 7 პირადად მოინაგრა და სეზონური ანგარიში 17 ქულას გაუტოლა.
ჩვენი ნაკრების მეორე მგეზავმა თედო აბჟანდაძემ კი სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა – „ორიაკმა“ აუტსაიდერ „დაქსთან“ საშინაო მატჩში ჩამორჩენა თედოს მიერ შესრულებული გარდასახვით გააბათილა – 33:33, 70-ეზე კი აბჟანდაძემ გამარჯვების ჯარიმა გაიტანა – 36:33. გარდა ამისა, თედომ სეზონში პირველი ლელოც გაიტანა და კიდევ ერთი ჯარიმაც მიითვალა. ჯამში ყოველივემ 13 ქულა შეადგინა, კარიერული სტატისტიკა კი ასე გამოიყურება – 38 მატჩი, 4 ლელო და 228 ქულა. აქამდე „ორიაკში“ დამრტყმელი დაჩი პაპუნაშვილი იყო, მაგრამ ბორჯღალოსანმა ფულბექმა მე-11 წუთზე გატანილი ჯარიმით შემოიფარგლა, ტაიმის ბოლოს კი ტრავმა მიიღო და თამაში დატოვა. დაჩის ანგარიშზე 77 სეზონური და 123 კარიერული ქულაა.
„აჟენის“ ბურჯმა მამუკა მსტოიანმა სეზონში პირველი და კარიერაში მეორე ლელო გაიტანა, მისმა „აჟენმა“ კი „ბრივს“ ბონუსით მოუგო – 41:10.
გიორგი ჯავახიამ „მონ-დე-მარსანიც“ დაალელოვა, 5 მატჩში 3 ლელოს მოუყარა თავი, კარიერაში კი – 133/23 შესაშური ბალანსი დააფიქსირა. „გრენობლმა“ ეს მატჩი 18:32 წააგო, მაგრამ მისი მძლეველი „მონ-დე-მარსანი“ ბოლოსწინა ადგილზე მაინც დარჩა. მისმა ბორჯღალოსანმა ბურჯმა ლუკა გოგინავამ ტურის სიმბოლურში ამოყო თავი.
პრემიერშიპი
„ექსეტერმა“ ლონდონის „ჰარლიქუინზი“ მშრალზე დატოვა – 38:0. ამ ამბავში ნახევარსაათიანი დამსახურება ბაჩუკი ჭუმბაძესაც მიუძღვის. „ექსეტერი“ 14 ქულით მე-5 ადგილზეა.