
ეროვნულ ლიგაში მეოთხე წრე დაიწყო და ლიდერიც შეიცვალა. „დილა“ ოთხი ტურის განმავლობაში პირველობდა, მაგრამ ამჯერად მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერ „გარეჯთან“ დამარცხდა და ლიდერობა ისევ „იბერიას“ დაუთმო, რომელმაც სტუმრად „თელავი“ დაამარცხა.
გორელები 2:0 უგებდნენ გარეჯელებს და თამაშის დამთავრებამდე 20 წუთი რჩებოდა, როცა კახელებმა იძალეს და სამი ბურთი გაუტანეს მეტოქეს. შთამბეჭდავი „დაბრუნება“ გამოვიდა, ეგრეთ წოდებული „ქამ ბექი.“
„გარეჯი“ მესამე წრეში მოუგებელი გახლდათ, მეოთხე წრე კი გამარჯვებით დაიწყო. ხოლო „დილამ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო.
ახლა „დილას“ და „იბერიას“ 59-59 ქულა მოუგროვდათ, მაგრამ მოქმედი ჩემპიონები ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით ლიდერობენ.
46-46 ქულა აქვთ „დინამოს“ და „ტორპედოს“. აქაც თბილისელები ბურთების უკეთესი სხვაობის გამო დგანან მესამე ადგილზე.
დინამოელებმა 90+9-ე წუთზე დაკარგეს გამარჯვება „ბათუმთან“ და ფრეს დასჯერდნენ. „ტორპედომ“ კი „გაგრას“ სტუმრად 2:0 მოუგო. ქუთაისელთაგან ერთი გოლი ბიორნ იონსენმა გაიტანა. ეს ნორვეგიელის მე-12 გახლდათ მიმდინარე სეზონში. ამდენივე გოლი მოუგროვდა სამგურალელ გიორგი ფანცულაიასაც, რომელმაც „კოლხეთთან“ 3:2 მოგებულ მატჩში გამოიჩინა თავი. ბომბარდირთა დავასაც ისინი ლიდერობენ.
„სამგურალი“ ვახსენეთ და წყალტუბოელებმაც მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს „კოლხეთთან.“ ახლა მათ 32 ქულა აქვთ და ისევ ხუთი პუნქტით უსწრებენ პლეი-აუტის ზონას. არადა, წინა დღეს „გარეჯმა“ მათთან სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა.
გარეჯი 3:2 დილა
0:1 თოლორდავა (10 საკ. კარში), 0:2 შეყილაძე (35), 1:2 კაჭარავა (71), 2:2 ძებნიაური (79), 3:2 სხირტლაძე (89)
თელავი 0:2 იბერია
0:1 აგიაკვა (20), 0:2 გოშთელიანი (74)
გაძევება: მეგრელიშვილი (45+5) – იბერია
გაგრა 0:2 ტორპედო
0:1 იონსენი (54), 0:2 ანდრიჩი (81)
კოლხეთი 2:3 სამგურალი
1:0 ვინისიუსი (3 საკ. კარში), 1:1 ჩიხლაძე (18), 2:1 ხარებავა (36), 2:2 ჯანჯღავა (48), 2:3 ფანცულაია (50)
დინამო 1:1 ბათუმი
1:0 სირაძე (59), 1:1 კალანდარიშვილი (90+9 პენ)