დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ის მე-6 ტურში ისეთი ლელო გაიტანა, მთელი საფრანგეთი რომ აალაპარაკა. მისი „ლა როშელისა“ და „სტად ფრანსეს“ შეხვედრაში თავი პარიზელთა ბურჯმა გიორგი მელიქიძემაც გამოიჩინა.

ტოპ 14

პარიზში „სტად ფრანსემ“ „ლა როშელს“ უმასპინძლა. მთელი თამაშის განმავლობაში ხან ერთი გუნდი იგებდა, ხან – მეორე და პარიზელები პირველად ხსენებულმა მელიქიძემ დააწინაურა, რომელმაც 37-ე წუთზე სეზონში თავისი მეორე ლელო გაიტანა. ტაიმი 7:6 მორჩა, ხოლო 68-ე წუთზე, როცა მასპინძლები მთელი 8 ქულით იგებდნენ (20:12), სტუმრებმა ძალიან ლამაზი მარაო გაშალეს და შეტევის დაგვირგვინება თავის ფულბექ დავით ნინიაშვილს ანდეს. „ნინიმ“ კი თავისი მისია წარმოუდგენელი ლელოთი დაასრულა. მას ათიოდე მეტრი ჰქონდა დასაფარი ზედ კიდეზე, მაგრამ ორი მცველისთვის უნდა დაესწრო. თითქოს, პარიზელებმა ქართველი შებოჭეს და მოედნიდან გადენეს, მაგრამ „ნინიმ“ არანორმალური მოძრაობით, ნახტომში მოახერხა ბურთიანი ხელის ალამთან, ჩათვლის მოედანზე დადება. ლელო იმდენად ეფექტური, ლამაზი და ოსტატური იყო, რომ პარიზულმა „სტად ჟან ბუენმა“ აღფრთოვანებით იხუვლა. საბოლოოდ დედაქალაქელებმა შეუდარებელი ლუი კარბონელის მიერ გაწითლებულ დროში გატანილი ჯარიმით 26:24 მოიგეს და „ლა როშელს“ სანუგეშო ბონუსი აკმარეს, ხოლო თავგამოჩენილი ქართველების სტატისტიკა ამიერიდან შემდეგნაირად გამოიყურება: გიორგი მელიქიძეს  ტოპ 14-ში 125 მატჩში 7 ლელო დაუგროვდა, ხოლო დავით ნინიაშვილმა 65-ე მატჩში 23-ე ლელო მიითვალა, რაც ყველაზე მეტია მოქმედ ქართველ მორაგბეთა შორის.

„სტად ფრანსეს“ 19 ქულა აქვს და პირველ-მეორეზე მყოფ „პოსა“ და „ტულუზს“ მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. „პომ“ „ბაიონს“ ბონუსით, 47:24 მოუგო და ამაში წვლილი ბექა გორგაძესა და გურამ პაპიძესაც მიუძღვით. მოქმედმა ჩემპიონმა „ტულუზმა“ კი ევროპის საკლუბო ჩემპიონი „ბორდო“ გაანადგურა – 56:13.

ლიდერთა სამეულს ქულით „ლიონი“ ჩამორჩება, რომელმაც სრულიად უქულო „პერპინიანს“ 44:19 სძლია და ბონუსიც მიიღო. გამარჯვებულთა შორის ირაკლი აფციაურმა და ბექა შვანგირაძემ ითამაშეს, ხოლო უპირობო აუტსაიდერის ღირსება გიორგი თეთრაშვილმა და გელა აფრასიძემ დაიცვეს.

ასევე უნდა აღინიშნოს ქართველ ბურჯთა წყვილების ჭიდილი – პარიზში „რასინგ-92“-მა „მონპელიეს“ 32:25 მოუგო და მასპინძელთა სასტარტოში გურამ გოგიჩაშვილისა და გია ხარაიშვილის დუეტი იყო, ხოლო სტუმართა შორის ნიკა აბულაძემ და ლუკა ჯაფარიძემ ითამაშეს. „რასინგი“ 17 ქულით ასევე საპლეოფო ზონაში, მე-5 ადგილზეა.

პრემიერშიპი

ინგლისის ჩემპიონატში სეზონის პირველი ქართული დერბი არ შედგა, რადგან ბრისტოლელმა ლუკა ივანიშვილმა ტრავმის გამო „ექსეტერთან“ ჯახი გააცდინა, თუმცა, „დათვებმა“ ბაჩუკი ჭუმბაძის გუნდს მის გარეშეც აჯობეს – 18:14 და სტუმრებმა ნუგეშ-ქულა მიიღეს. ბაჩუკიმ ბოლო 23 წუთი ითამაშა.

ლიგას მოქმედი ჩემპიონი „ბათი“ ლიდერობს, რომელმაც სამივე მატჩი ბონუსით მოიგო და 15 ქულას მოუყარა თავი. „ბრისტოლი“ და „ექსეტერი“ 9-9 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებენ.