რატომ ვერ მიაღწია ინგლისელ ფეხბურთელთა „ოქროს თაობამ’’ დიდ წარმატებებს? ლაპარაკია სტივენ ჯერარდზე, დევიდ ბექემზე, ფრენკ ლამპარდზე, პოლ სქოულზზე, უეინ რუნიზე, მაიკ ოუენზე, გარი ნევილზე, რიო ფერდინანდზე, ჯონ ტერისა და სხვა ვარსკვლავებზე. მათი ეპოქის ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამჯერ მეოთხედფინალში გავიდა, შემდეგ ევრო 2008-ზე ვერ მოხვდა, 2010 წლის მუნდიალზე კი მერვედფინალიდან გავარდა. ბევრმა თქვა, რომ ინგლისელები ეროვნული გუნდისთვის მწვრთნელებს ვერ არჩევდნენ სწორად, ბევრმა ტაქტიკა დაიწუნა, ზოგის აზრით იმ წლებში სხვა ქვეყნებში უფრო ძლიერი ფეხბურთელები თამაშობდნენ, ჯერარდმა კი თავსა და მეგობრებს „ეგოისტი ლუზერები’’ უწოდა. BBC-მ გადაწყვიტა ერთხელაც სცადოს ყველაფრის გაანალიზება.

ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რაც ჟურნალისტ სტივ სატკლიფს თავში აზრად მოუვიდა, პრემიერლიგის კლუბების ურთიერთმტრობა იყო. ის დაეყრდნო ჯერარდს, რომელმაც ნაკრებში 114 თამაში ჩაატარა. „ლივერპულის’’ ლეგენდამ რიო ფერდინანდის პოდკასტში თქვა: „ჩვენ ეგოისტი ლუზერები ვიყავით. რატომ ვერ გამოვნახეთ საერთო ენა 20, 21, 22, 23 წლის ასაკში? დამნაშავე ინგლისური კულტურაა. ჩვენ არ ვმეგობრობდით, ერთსულოვნება გვაკლდა. ნამდვილ ძლიერ გუნდად ვერ ჩამოვყალიბდით’’.

ჯერარდამდე დაახლოებით იგივე აზრი TNT Sport-თან ინტერვიუში ლამპარდმაც გამოთქვა: „ინგლისში ფეხბურთელებს თავიანთი კლუბები ისეთი ვნებით უყვართ, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელის მხარდამხარ მთელი გუნდით თამაში აღარ გამოდის და ეს ინგლისის ნაკრებს აბრკოლებდა. განა გვძულდა ერთმანეთი, მაგრამ… სხვადასხვა მაგიდებთან ვისხედით’’.

თუ ასეა, ისმის კითხვა, როგორ იგებდა 2008-12 წლებში ყველაფერს ესპანეთი, სადაც „რეალის’’ და „ბარსელონას’’ ფეხბურთელები ერთად თამაშობდნენ? ყველაზე სწორად ალბათ მაინც ფერდინანდმა თქვა, ჩვენზე მრავალი ფაქტორი მოქმედებდაო.

2001 წელს ინგლისმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში გერმანის სტუმრად 5:1 მოუგო და სწორედ მაშინ თქვა ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელმა შეფმა ადამ კროზიერმა ოქროს თაობა გვყავსო. მერე კი ჩატარდა 2002 წლის მუნდიალი, სადაც გერმანელები ფინალში გავიდნენ, ხოლო ინგლისელები რონალდინიომ ჯადოსნური საჯარიმო დარტყმით მეოთხედფინალიდან გააგდო.

რა ხდებოდა ტაქტიკურად? სვენ-გორან ერიკსონი, სტივ მაკლარენი და ფაბიო კაპელო ინგლისის ნაკრებს 4-4-2 სქემით ათამაშებდნენ. მარჯვენა ფრთა ულაპარაკოდ ბექემისა იყო, შუაში ლამპარდი და ჯერარდი ტრიალებდნენ, მაგრამ შეთამაშებულ წყვილად ვერაფრით ჩამოყალიბდნენ, მარჯვნივ კი სქოულზი ჰყავდათ გამწესებული. სქოულზზე ერიქსონი ამბობდა ჩემი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელიაო. არადა, ამ ნიჭიერმა ფეხბურთელმა კლუბში საუკეთესო ფეხბურთი სწორედ მოედნის შუაში აჩვენა.

სხვათა შორის, გარი ნევილს სქემის შეცვლა და 3-5-2-ზე გადასვლა შეუთავაზებია მწვრთნელისთვის. ჯერარდიც ამბობს, მე სქოულზს და ლამპარდს რამენაირად შუაში ერთად უნდა გვეთამაშაო.

რაც შეეხება სხვა გუნდებს. ბრაზილიელებს ჰყავდათ რონალდო, რივალდო, კაფუ, რობერტო კარლოსი, რონალდინიო… ფრანგებს – ზინედინ ზიდანი, პატრიკ ვიეირა, ტიერი ანრი, ლილიან ტურამი, რობერ პირესი… ესპანელებს- ანდრეს ინიესტა, დავიდ ვილია, ჩავი, ფერნანდო ტორესი, სერხიო რამოსი, ჩაბი ალონსო. ასე რომ, მსოფლიოში ერთდროულად მართლაც ბევრი დიდი ვარსკვლავი თამაშობდა.

ინგლისელთა მეკარე დევიდ ჯეიმსი: „იმხანად ოთახში სპილო იყო და მას დანახვა სჭირდებოდა. კერძოდ, სხვა გუნდები ჩვენზე ძლიერები იყვნენ. ვიცი, ბერს ლაპარაკობენ ფეხბურთელების ეგოიზმზე, მაგრამ საკითხი უფრო მარტივად იდგა. სხვები უბრალოდ გვჯობდნენ’’.

Victoria Beckham sits with Cheryl Tweedy

და კიდევ ერთი მიზეზი, რაც BBC-მ თავის წერილში მოიტანა ტრავმები და ცხოვრების წესი გახლდათ. ასე მაგალითად, სქოულზმა ნაკრებში თამაშზე უარი შედარებით ადრე განაცხადა. მიზეზი: ოჯახისგან შორს ყოფნა აღარ უნდოდა. პლუს, ორიათასიანი წლების დასაწყისში ინგლისურ ფეხბურთში გაჩნდა მანკიერი ფენომენი სახელად WAG ანუ ცოლები და მეგობარი გოგონები. ისინი ძალიან დიდ და მავნე გავლენას ახდენდნენ ნაკრების ცხოვრებაზე. 2010 წელს კი როდესაც კაპელომ ფეხბურთელები რუსტენგურგში, ბანაკში ჩაკეტა, ტერიმ და რუნიმ წუწუნით აიკლეს იქაურობა, მოვიწყინეთო.

დევიდ ჯეიმსი: „ვუყურებდით, რა თავისუფლად გადიოდნენ განელი ფეხბურთელები სასტუმროდან და მათ თაყვანისმცემლები ეხვეოდნენ. არადა, ადამიანმა მსოფლიოს ჩემპიონატისგან სიამოვნება უნდა მიიღო, ასე არ არის?’’