Trent Alexander-Arnold of Real Madrid reacts after picking up an injury during the UEFA Champions League 2025/26 League Phase MD1 match between Real... „ლივერპულის’’ ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა თქვა, რომ საყვარელი კლუბიდან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდისნაირად არ წავიდოდა. ალექსანდერ-არნოლდი მერსისაიდელთა აკადემიაში ექვსი წლისა მივიდა, ყველა ასაკობრივი საფეხური გაიარა და 2016 წელს დიდი გუნდის ფეხბურთელი გახდა. გასულ ზაფხულს კი ის თავისუფალი აგენტის სტატუსით „რეალში’’ გადავიდა, რამაც „წითლების’’ გულშემატკივრები გაანაწყენა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გასული სეზონის ბოლო შეხვედრაში „არსენალთან’’ ტრიბუნებმა მას ობსტრუქცია მოუწყვეს. ჯერარდმა რეალის მცველის შესახებ რიო ფერდინანდის პოდკასტში ილაპარაკა:

„თუ „ლივერპულის’’ ქუდს მოიხდი და „რეალი’’ და „ბარსელონა’’ გამოჩნდებიან, თავგზა აგერევა. ეს ნებისმიერ ფეხბურთელს მოუვიდოდა. ამას ახლა გეუბნებით, როდესაც ლივერპულელი აღარ ვარ. მოურინიუს დროს „რეალს’’ ჩემი გადაბირებაც უნდოდა და ამან თავბრუ დამახვია. მაშინ ამას რეზონანსი არ მოჰყოლია, რადგან სხვა დრო იყო და საქმეში „რეალი’’ იყო ჩარეული. მოკლედ, ეს ამბავი არ გახმაურებულა, მაგრამ ჩემზე აშკარად იმოქმედა.

ერთი სიტყვით, „ლივერპულისადმი’’ ჩემი დიდი სიყვარული წამით გვერდზე რომ გადავდოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ „რეალი’’ და „ბარსელონა’’ ორი უდიდესი კლუბია. მოსწონთ ეს „ლივერპულის’’ ან „იუნაიტედის’’ ფანებს თუ არა, ეს ასეა. როდესაც „რეალი’’ და „ბარსელონა’’ მოგაკითხავენ, თავბრუ დაგეხვევა. თუ არ დაგეხვა და ადამიანი არ ყოფილხარ. ასე რომ, ტრენტის გაგება შემიძლია. „რეალში’’ მისი საუკეთესო მეგობარი თამაშობს. ალბათ თავის გამოცდაც უნდოდა, „ლივერპულში’’ ხომ ყველაფერი მოიგო. მაგრამ, საკმარისია ჩემი წითელი ქუდი ისევ დავიხურო, რომ გაოცებით ვშლი ხელებს და ტრენტს გონებით ასე ვეუბნები: რას აკეთებ? შენ ხომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ხარ. შენ აქ ბევრი რამ გაქვს მოგებული და ახალ გამარჯვებებზე ფიქრობ. შენ ევროპული თასები მოგიგია. ამ კლუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ხარ.  გულშემატკივრები გაღმერთებენ. ჰოდა, რას აკეთებ? მაგრამ, ვიმეორებ, ასე მაშინ ვფიქრობ, როდესაც „ლივერპულის’’ ქუდს დავიხურავ. მე ხომ „ლივერპული’’ მიყვარს… ’’, ― თქვა „ენფილდის’’ ლეგენდამ.

შემდეგ ჯერარდს პირდაპირ ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა ალექსანდერ-არნოლდის კრიტიკას. მან უპასუხა: „ყველა, ვინც „რეალს’’ ან „ბარსელონას’’ გაეპრანჭება თავის წილ კრიტიკას მიიღებს. ჩვენ, ფეხბურთელებს მილიონები გვიყურებენ და დიდ ფულს გვიხდიან. პლუს ხალხი სოციალურ ქსელებში ზის. ასე რომ, კრიტიკას ვერ აცდები. ასეთია ცხოვრება. თუმცა, ზღვარგადასულ კრიტიკას მე ვერ მოვიწონებ. შეურაცხყოფა სხვაა. ვერცერთი ფეხბურთელის შეურაცხყოფას ვერ მოვიწონებ. ამას ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს. ბილეთში ფულის გადამხდელი გულშემატკივრის ჩვეულებრივი კრიტიკა კი სხვაა. ეს ის ხალხია, რომელიც ტრენტის გოლებს ტელეფონში უყურებს, ათასებს იხდის რათა დორტმუნდში გაემგზავროს და დაესწროს, როგორ გააქვს მას საჯარიმო დარტყმა. ეს ის ხალხია, რომელიც მას აღმერთებს. ისინი მის მაისურებში 90 გირვანქას იხდიდნენ. ამიტომ, მათი კრიტიკა უნდა მიიღო. ეს ფეხბურთელის ცხოვრების ნაწილია.

ვფიქრობ, ტრენტი დიდ რისკზე წავიდა, არადა ძალიან კარგი ფეხბურთელია. მეტისმეტად ნიჭიერი. ვინც მინახავს მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო პასი ეხერხება, მე კი ძალიან კარგი მეპასეების მხარდამხარ მითამაშია.  მე მას ბექემს და სქოულზს გავუტოლებდი’’.