ექვსი თვის წინ ლიგა 1-ის აუტსაიდერების „მონპელიესა’’ და „სენტ ეტიენის’’ თამაში ვერ დამთავრდა. სტუმრები ლუკა სტასენის გოლების წყალობით 2:0-ს იგებდნენ, როდესაც ტრიბუნაზე არეულობა დაიწყო, მეორე გოლით უკმაყოფილო ფანებმა პიროტექნიკის სროლა დაიწყეს და შეხვედრა შეწყდა. ამჯერად, ლიგა 2-ში იმავე სტადიონზე იმავე გუნდების მატჩი ბოლომდე მივიდა. „მწვანეებმა’’ კვლავ 2:0 მოიგეს, ოღონდ ამჯერად 90 წუთში და ზურიკო დავითაშვილის გოლებით.
თამაში გიჟურ ტემპში დაიწყო. „მონპელიემ’’ 51-ე წამზე ძელს გაარტყა ბურთი, მაგრამ „სენტ ეტიენმა’’ მასპინძლები მალევე დასაჯა. მე-2 წუთზე დავითაშვილმა ჯიქური სვლით ოთხი კაცი ჩამოიტოვა და კარში შედეგიანად დაარტყა. პირველ თხუთმეტ წუთში აშკარად გამოჩნდა „სტეფანუას’’ ტექნიკური უპირატესობა, რასაც „მონპელიემ’’ ძალისმიერი თამაში და სტანდარტული მდგომარეობები დაუპირისპირა. 21-ე წუთზე დავითაშვილმა ახლო მანძილიდან მეორე გოლი გაიტანა.
მასპინძლებმა საგოლე მომენტები შექმნეს. შესვენებამდე მენდიმ ძელს კიდევ ერთხელ გაარტყა ბურთი. აშკარა საგოლე მომენტები მეორე ტაიმშიც იყო. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა.
დავითაშვილმა flashscore-ს ვერსიით 7.8 ქულა მიიღო, რაც მიკაელ ნადეს შედეგთან ერთად მეორე იყო თანაგუნდელთა შორის.