Raphinha of Brazil is challenged by Yomar Rocha and Miguel Terceros of Bolivia during the South American FIFA World Cup 2026 Qualifier match between...ესპანეთის ნაკრები 11 ოქტომბერს საქართველოს მასპინძლობს, ამიტომ ყველაფერი რაც ამ გუნდში და მის გარშემო ხდება ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა. ლუის დე ლა ფუენტემ საქართველოსა და ბულგარეთთან სათამაშოდ გამოიძახა ლამინ იამალი, რამაც „ბარსელონას’’ მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გააბრაზა. როგორც გაირკვა იამალს ფეხი გამიზეზებია და კატალონიელთა პროტესტის შედეგად „ლა როხას’’ თავკაცს ფეხბურთელზე უარის თქმა მოუხდა. 18 წლის ვარსკვლავი ეროვნულ გუნდში წინა ჯერზეც დაშავდა, როს გამოც კლუბში სამი კვირა გაუცდა.

„ფლიკთან კონფლიქტი არ მაქვს, უბრალოდ მისმა გამონათქვამებმა ცოტა გამაკვირვა, რადგან ის თავად იყო (გერმანიის) ნაკრების მწვრთნელი და მეგონა, რომ ამდენი გაგების უნარი ექნებოდა. მან კარგად იცის როგორ ვიქცევით ჩვენ და როგორ იქცევიან ფეხბურთელები. აი, სწორედ ეს მაოცებს. მაოცებს, რომ ნაკრების ყოფილ მწვრთნელს ასეთი შეხედულება აღმოაჩნდა’’, ― თქვა პარასკევის პრეს-კონფერენციაზე დე ლა ფუენტემ.

აქვე დავძინოთ, რომ ცეცხლს ნავთი შეუნთო მარკ ბერნალის ნაკლებად ცნობილმა შემთხვევამ. „ბარსელონას’’ ეს 18 წლის ფეხბურთელი ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს, სადაც 23 წუთი ითამაშა და სერიოზულად დაშავდა. როგორც ჩანს „ბარსელონასა’’ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის დაძაბულობა იზრდება. ფაქტია, რომ ისინი ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ამის ნათელი დასტურია ის, რომ იამალს „პარი სენ ჟერმენთან’’ შეხვედრაში საზარდულის ტრავმა ხელახლა გამიზეზებია, რაც კლუბმა ფედერაციას არ შეატყობინა და მხოლოდ მას მერე ჰქონდა რეაქცია, რაც ნაკრებში გამოძახებულთა სია გამოქვეყნდა. თავის მხრივ არც ფედერაციას შეუწუხებია თავი „ბარსელონაში’’ დარეკვითა და ამბის მოკითხვით.

ახლა ამბობენ, რომ იამალის გამოჯანმრთელებას კიდევ ორი-სამი კვირა დასჭირდება. ამასობაში, კატალონიური პრესა, კერძოდ გაზეთი „სპორტი’’ წერს, რომ „რეალი’’ გაცილებით უკეთეს დღეშია ვიდრე „ბარსა’’. ასე მაგალითად, ინგლისის ნაკრების გერმანელმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა შეკრებაზე არ გამოიძახა მადრიდელი ჯუდ ბელინგემი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა და მოედანს დაუბრუნდა.

„მესმის,ყველანი ჯუდზე ფიქრობთ. დიახ, ის საგანგებო ფეხბურთელია, საგანგებო ფეხბურთელებისთვის კი საგანგებო წესები არსებობს, მაგრამ ამ კონკრეტულ შეკრებაზე გადავწყვიტეთ არ გამოგვეძახებინა. პირადი არაფერია, უბრალოდ ის ახალი გამოჯანმრთელებულია და რიტმიდან არის ამოვარდნილი’’, ― თქვა ტუხელმა, თუმცა დადის ხმა, რომ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის შავმა კატამ გაირბინა და ამ არ-გამოძახებით გერმანელი ცდილობს ვარსკვლავს აჩვენოს ვინ არის ნაკრებში მთავარი.

კატალონიური მედია კი თავის ხაზს მიჰყვება და ამტკიცებს, რომ მათი კლუბის მიმართ არსებობს ორმაგი სტანდარტი, რომლის გამოც „ბარსელონას’’ ფეხბურთელი მარკუს რაშფორდი ბელინგემისგან განსხვავებით ინგლისელებმა არ დაასვენეს და ნაკრებში გამოიძახეს.

კატალონიელები „რეალის’’ ყოფილ თავკაცს, ბრაზილიელთა შეფს კარლო ანჩელოტისაც გაუწყრნენ. წინაზე ანჩელოტიმ „ბარსელონას’’ ფეხბურთელი რაფინია ჩილესა და ბოლივიასთან სათამაშოდ გამოიძახა, „ბარსას’’ კი თურმე აღუთქვა, რომ მეორე შეხვედრაში ელ ალტოში, ზღვის დონიდან 4150 მეტრზე მას არ ათამაშებდა, მაგრამ პირობა დაარღვია და ბოლო ნახევარი საათით ათამაშა. კატალონიელთა გაბრაზების მიზეზი ისიც იყო, რომ ბრაზილიელთა იტალიელმა მწვრთნელმა დაასვენა „რეალის’’ ფეხბურთელები მილიტაო, როდრიგო და ვინისიუსი.