საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურიკო დავითაშვილმა ბულგარეთთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართეს:
ვილი სანიოლი: „აქამდე ვერ გავიგე, რააო, გამაძევეს. თამაშის დროს მეოთხე მსაჯისთვის კითხვების დასმა გიწევს, პასუხად კი ისმის – „დამშვიდდი“. სამწუხაროდ, ასეთ დროს ღიზიანდები და ალბათ ეს იყო მიზეზი. თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გავიგე, რატომ გამაძევეს.
თურქეთთან შეხვედრაში მეხუთე ცვლილების გამოყენება საჭიროდ არ ჩავთვალე, მოედანზე შესულებმა შეძლეს თამაშის შემოტრიალება, მატჩის ბოლოს მეორე გოლის გატანაც მოვახერხეთ და ანგარიშის გათანაბრებაც შეგვეძლო, მაგრამ სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა.
ახალი სისტემით მარტიდან ვთამაშობთ. სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია სქემის შეცვლა. უკრაინასთან და ალბანეთთან ვნახეთ, რომ ხუთმცველიანი სისტემა კარგად აღარ მუშაობდა. ოთხმცველიან სისტემასთან ადაპტაციის პრობლემები ნამდვილად იყო, მაგრამ ცვლილება და მასზე გადაწყობა სწორედ ახლა იყო საჭირო. ამან მარტში იმუშავა და ახლაც. მიმაჩნია, რომ თურქეთთან წაგება ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო და არა სათამაშო სქემის ცვლლილების.
ბულგარეთთან გარკვეული ცვლილებები ნამდვილად იქნება, რადგან სხვა სტილის გუნდია, თუმცა რადიკალურად არაფერი შეიცვლება. გათვლა იქნება იმაზე, რომ წარმატებით ვითამაშოთ.
ბულგარელებს სამი წლის წინ შევხვდით და ორივე შეხვედრა საკმაოდ წარმატებული გამოგვივიდა. მას შემდეგ ამ ნაკრებში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა და მიმაჩნია, რომ ხვალინდელი თამაში ჩვენთვის სერიოზული გამოწვევაა“.
ზურიკო დავითაშვილი: „ასეთ დროს ძალების აღდგენა რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბიჭებმა ეს შევძელით. პირადად მე ბულგარეთთან მატჩისთვის 100 პროცენტით მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, სხვებიც ასე იქნებიან.
თურქეთთან თამაშის შემდეგ ვისაუბრეთ, ხარვეზები გავაანალიზეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის შეცდომები, რომლებიც თურქეთთან დავუშვით, ბულგარეთთან შეხვედრაში აღარ გავიმეოროთ“.





