ამერიკის ღია პირველობაზე კაცთა შორის უიმბლდონის ფინალი განმეორდება. ეს გასაკვირიც არ არის – წელს ესპანელი კარლოს ალკარასი და იტალიელი იანიკ სინერი ყველაფერს რიგრიგობით იგებენ. მეტიც, ავსტრალიის ფინალის გარდა, სხვა ფინალებშიც ერთმანეთს ხვდებიან.
22 წლის ესპანელმა ნახევარფინალში ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი მარტივად, სამ სეტში დაამარცხა – 6:4; 7:6; 6:2. მატჩი ორ საათსა და 26 წუთს გაგრძელდა.
US Open-ზე ალკარასი ფინალში ისე გავიდა, სეტიც არ წაუგია და დიდი სლემის მეექვსედ მოგებას შეეცდება.
24 წლის იტალიელი კი, სლემების რაოდენობით ალკარასზე დაწევას შეეცდება. სინერმა ნახევარფინალში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს ოთხ სეტში აჯობა – 6:1; 3:6; 6:3; 6:4. საამისოდ კი, სამი საათი და 19 წუთი დასჭირდა.
აქამდე ჩოგბურთელები ერთმანეთს 16-ჯერ შეხვედრიან, რომელთაგან 10 ალკარასმა მოიგო. აქედან ერთში მეტოქე ტრავმის გამო არ გამოუცხადდა. US Open-ზე კი, ერთადერთხელ უთამაშიათ და ესპანელმა დაძაბულ, ხუთსეტიან ბრძოლაში მოიგო.
ქალთა შორის ფინალში ბელარუსი არინა საბალენკა და ამერიკელი ამანდა ანისიმოვა გაეჯიბრებიან.
რეიტინგის პირველმა ჩოგანმა საბალენკამ ნახევარფინალში იტალიელ ჯესიკა პეგულას 3:6; 6:3; 6:4 მოუგო. ანისიმოვამ კი, იაპონელი ნაომი ოსაკა დაჯაბნა – 6:7; 7:6; 6:3. როგორც ხედავთ, პირველი სეტი ორივე ფინალისტმა დათმო.
ურთიერთშეხვედრებში ანისიმოვა რეიტინგის პირველ ნომერს ჯაბნის – 6:3. აი, US Open-ზე კი, ანგარიში თანაბარია – 1:1.





