ზაფხულის დასაწყისში „პარი სენ ჟერმენმა’’ გონსალო რამუშთან დაკავშირებით მოკლედ მოჭრა. კლუბის ხელმძღვანელობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ცენტრალური თავდამსხმელის გაშვებას არ აპირებს. არც თავად პორტუგალიელს გამოუთქვამს პარიზიდან წასვლის სურვილი. მართალია მან მთელი გასული სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, მაგრამ 19 გოლი და 6 საგოლე პასი მოინაგრა. ამან პოტენციური მყიდველები მეტად დააინტერესა. მათ ფეხბურთელის მოხიბვლა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაპირებით გადაწყვიტეს. ერთ-ერთი ასეთი კლუბია „მილანი’’, რომელიც ახალ ფორვარდს ეძებს.
„გაძეტა დელო სპორტი’’ წერს, რომ „როსონერი’’ აპირებს „პარი სენ ჟერმენს’’ გონსალო რამუშის იჯარა შესთავაზოს. მილანელები ცნობილ აგენტ ჟორჟე მენდეშს უპირებენ საქმეში ჩართვას. მენდეში რამუშის წარმომადგენელია და იმავდროულად „მილანთან’’ ჩინებული ურთიერთობა აქვს. ახლახან სწორედ მან მოაგვარა ეკვადორელი მარცხენა მცველის პერვის ესტუპინიანის „სან სიროზე’’ გადასვლის საკითხი.
„მილანის’’ სპორტული დირექტორი იგლი ტარე კი გამალებული ეძებს 9 ნომერს, ოღონდ ცხადია ვაჭრობაში წაგებასაც არ აპირებს. პარიზელები რამუშს მხოლოდ დიდ ფულად თუ გაყიდიან. შესაბამისად, ჩასატარებელია საკმაოდ რთული მოლაპარაკებები, რომელთა წარმატებით დასრულებას მენდეშის დონის აგენტი თუ შეძლებს.
პრესაში კი რა არ იწერება. მაგალითად ამბობენ, რომ „მილანის’’ თავკაცი მასიმილიანო ალეგრი რამუშზე მეტად დუშან ვლაჰოვიჩთან ისურვებდა მუშაობას, მაგრამ სერბი „იუვენტუსში’’ წლის განმავლობაში 12 მილიონ ევროს იღებს და იქიდან წასვლას არ აპირებს. „მილანს’’ კი ასეთი გასამრჯელოს დანიშვნის შნო არ აქვს.





