„ლიონის’’ გულშემატკივრებმა ამოისუნთქეს: რონისპირელთა აპელაცია სადაც ჯერ არს მოისმინეს და მეექვსეადგილოსანი გუნდი ლიგა 1-ში დატოვეს. ფრანგული პრესა წერს, რომ კლუბმა, რომელშიც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაძე თამაშობს თავი პრეზიდენტის შეცვლით გადაირჩინა: ერთი თვეც არ არის გასული მას მერე, რაც ჯონ ტექსტორის ნაცვლად საქმე მიშელ კანგმა ჩაიბარა.
„ლიონმა’’ ოფიციალური წერილი გაავრცელა. ის მადლობას უხდის სააპელაციო კომიტეტს, რომელმაც ახალი ხელმძღვანელობის არგუმენტები ყურად იღო. ამ წერილის თანახმად ხსენებული ხელმძღვანელობა კლუბის აქციონერთა და კრედიტორთა ერთგულებას ეყრდნობა. ის მადლობელია, რომ როგორც კლუბის შიგნით, ასევე გარეთ ყველა მხარში დაუდგა ― გულშემატკივარი იქნებოდა, თანამშრომელი, ფეხბურთელი, პარტნიორი თუ არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირი.
„ახლა უკვე შეგვიძლია სპორტულ მიზნებზე გადავიტანოთ მთელი ყურადღება და შემდეგი სეზონისთვის დავიწყოთ მომზადება’’, ― დაწერა „ლიონმა’’ თავის განცხადებაში.
რამდენადაც მედიისთვის ცნობილი გახდა, კლუბმა გადაწყვიტა მკაცრად არეგულიროს სახელფასო ფონდი და სატრანსფერო ხარჯები შეზღუდოს. სხვა სიტყვებით, „ლიონში” აღარ იქნება მაღალი ხელფასები და ახალი ფეხბურთელების ყიდვასაც შეზღუდავენ.
ჯერ უცნობია რას ნიშნავს „ლიონის’’ ლიგა 1-ში დატოვება მიქაუტაძისთვის. შესაძლოა კლუბმა ის მაინც გაყიდოს.





