კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში „ბაიერნის’’ შემტევი ნახევარმცველის ჯამალ მუსიალას დაშავების გამო „პარი სენჟერმენის’’ მეკარეს ჯანლუიჯი დონარუმას დიდი კრიტიკა დაატყდა თავს. თავისი კლიენტი აგენტმა 2022 წელს გარდაცვლილი მინო რაიოლას ბიძაშვილმა ვინჩენცო რაიოლამ დაიცვა, თუმცა მანამდე „გაძეტა დელო სპორტს’’ თავად იტალიელი გოლიპერი ელაპარაკა.
„მომხდარით შეძრული ვარ. მუსიალას დაშავების განზრახვა არ მქონია’’, ― თქვა 26 წლის ფეხბურთელმა, რომელიც „პარი სენ ჟერმენამდე’’ „მილანში’’ თამაშობდა.
ვინაიდან დონარუმა კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობს და საქმეშია ჩართული, ვრცლად მისმა აგენტმა ილაპარაკა:
„ყველაფერი წამის მეათედებში წყდება. არის ერთი მომენტი, რომლითაც თუ არ ისარგებლე წესი დაირღვევა და მსაჯი პენალტს დანიშნავს. ჯიჯო ბურთს პირველი შეეხო. ამის შემდეგ ის კონტაქტს თავიდან ვეღარ აირიდებდა. იმის ფიქრი, რომ დონარუმას მუსიალას დაშავება უნდოდა, უსამართლობაა. იმედი მაქვს, რომ გერმანელი მალე გამოჯანმრთელდება და მოედანს ადრინდელზე ძლიერი დაუბრუნდება. ჯიჯო კი ძალიან მგრძნობიარე ბიჭია. ის მძიმე სცენას გაერიდა, რადგან გადატანა გაუჭირდებოდა; ექიმებს მისცა მუსიალასთან მისვლის საშუალება. შესვენების დროს, გასახდელში რომ შევიდა დონარუმამ ტელეფონიც კი ჩართო. ამას ის არასდროს აკეთებს. ის ტელეფონს თიშავს და მხოლოდ თამაშის მერე რთავს ხოლმე, ახლა კი შესვენებისას მომწერა, თუ როგორი შეძრულია იმით, რაც მოედანზე მოხდა. მან მითხრა, რომ ეს განზრახ არ გაუკეთებია’’.
ვინჩენცო რაიოლამ მანუელ ნოიერსაც გასცა პასუხი. მოგეხსენებათ, „ბაიერნის’’ კარის მცველმა დონარუმა მკაცრად გააკრიტიკა. რაიოლამ გერმანელს „რეალის’’ მეკარის ტიბო კურტუას სიტყვებით გასცა პასუხი:
„მე ნოიერის მესმის. როგორც კურტუამ თქვა მისი მხრიდან თანაგუნდელის დაცვა ლოგიკური საქციელი იყო. ის მართალი იყო იმაშიც, რომ ჩვენ სხვანაირად შეგვეძლო მოვქცეულიყავით, მაგრამ ყველა ადამიანი თავისებურია და ისე იქცევა, როგორც შეუძლია. რაც მოხდა ცხოვრებისეული მომენტი იყო. ეს იყო მეკარისა და თავდამსხმელის საფეხბურთო დუელი. გეხსომებათ, დეკემბერში ჯიჯომ „მონაკოს’’ ფეხბურთელ ვილფრედ სინგოსთან შეჯახებისას კინაღამ თვალი დაკარგა. თავად ნოიერიც უხეშად შეეჯახა გონსალო იგუაინს 2014 წელს. მერე ბოდიში მოიხადა, ჩემი გუნდის კარის დაცვა მინდოდაო. არადა კარგად იცოდა, რომ მოწინააღმდეგისთვის ტრავმის მიყენება შეეძლო’’, ― თქვა რაიოლამ.





