„უიმბლდონზე“ მეოთხედფინალური ეტაპი დაიწყო და უნდა ითქვას, რომ მაინცდამაინც ხმაურიანი სენსაცია არ მოხდარა. ამის ერთადერთი შანსი პირველი ჩოგნის, იანიკ სინერის გავარდნა იქნებოდა, მაგრამ გრიგორი დიმიტროვთან 0:2 ჩამორჩენის შემდეგ გაუმართლა, ბულგარელმა მეტოქემ ტრავმა მიიღო და იტალიელი მეოთხედფინალში ასე გავიდა. სინერს ქვემოთ დავუბრუნდებით, მანამდე კი დღევანდელ მატჩებზე ვთქვათ:
კარლოს ალკარასმა კამერონ ნორის სამ სეტში მარტივად მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ესპანელმა მეტოქეს მხოლოდ რვა გეიმი დაუთმო – 6:2; 6:3; 6:3. ალკარასის მეტოქე ნახევარფინალში ტეილორ ფრიცი იქნება, რომელიც „უიმბლდონის“ ამ ეტაპზე პირველად მოხვდა. საამისოდ, ამერიკელმა კარენ ხაჩანოვს აჯობა – 6:3; 6:4; 1:6; 7:6.
ორი მეოთხედფინალი ხვალ არის დაგეგმილი: იანიკ სინერის მეტოქე ამერიკელი ბენ შელტონი იქნება, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩი იტალიელ ფლავიო კობოლის გაეჯიბრება. მოგებულები კი ერთმანეთში ფინალის საგზურს გაითამაშებენ.
ორი ნახევარფინალისტი ქალთა შორისაც გაირკვა: რეიტინგის პირველმა ნომერმა არინა საბალენკამ გერმანელი ლაურა ზიგმუნდი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა – 4:6; 6:2; 6:4. საბალენკას მეტოქე ნახევარფინალში ამერიკელი ამანდა ანისიმოვა იქნება, რომელმაც ანასტასია პავლიუჩენკოვას 6:1, 7:6 აჯობა.
ქალების ორი მეოთხედფინალიც ხვალ არის: მირა ანდრეევა ბელინდა ბენჩიჩს, ხოლო იგა შვიონტეკი ლიუდმილა სამსონოვას ეთამაშება.






