პორტუგალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მეორედ მოიგო უეფას ერთა ლიგა. გუშინ, მიუნხენის „ალიანც არენაზე’’ მათ იბერიელი მეზობლები, ესპანელები დაამარცხეს. შეხვედრის ბედი მატჩისშემდგომი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.

ნახევარფინალი ორივე გუნდს სანახაობრივი და დრამატული ჰქონდა: ესპანეთს საფრანგეთთან (5:4), პორტუგალიას ტურნირის მასპინძელ გერმანიასთან (2:1). ფინალიც ამავე ნოტაზე გაიმართა.

შეხვედრის პირველ 20 წუთში პორტუგალიელთაგან ჟოაო ნევეშს შეეძლო ანგარიშის გახსნა, ხოლო ესპანელთაგან პედრისა და ნიკო უილიამსს. საქმეს იმთავითვე ისეთი პირი უჩანდა, რომ თამაში გოლების გარეშე არ ჩაივლიდა. ნავსი ესპანეთმა გაწყვიტა: მას მერე, რაც რობერტო მარტინესის ფეხბურთელებმა ლამინ იამალის ჩაწოდებული ბურთი ორჯერ ვერ გამოიტანეს საჯარიმოდან მარტინ სუბიმენდიმ ის ბადეში შეაგდო. ამ დროისთვის უკვე ცხადი იყო, რომ მატჩის მსვლელობაზე განსაკუთრებულ გავლენას 17 წლის იამალისა და ნუნუ მენდეშის დუელი იქონიებდა. მალე „პარი სენ ჟერმენის’’ მცველმა მეტოქეს დიდებული პასუხი გასცა: ანგარიში გაათანაბრა. ეს მისი პირველი გოლი იყო ნაკრებში.

ლუის დე ფუენტეს გუნდმა, როგორც 24 მატჩში დაუმარცხებელს შეშვენის, წარბი არ შეიხარა და ტაიმის ბოლოს მეორეც შეაგდო: ეს მიკელ ოირასაბალმა გააკეთა. თავის მხრივ არც პორტუგალიას შეეშინდა. მეორე ტაიმში რუბენ ნევეშისა დანელსონ სემედოს შემოსვლით გაყოჩაღებულმა მომავალმა ჩემპიონმა ერთხელაც გაათანაბრა ანგარიში. შეტევა კვლავ ნუნუ მენდეშმა წამოიწო, როდესაც იამალს ოსტატური ფინტით გასცდა. დამაგვირვინებელი დარტყმა კი ლეგენდარულ კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა: მან ნაკრებში 138-ე გოლი შეაგდო.

ძირითადი დროის ბოლოს რონალდუმ კოჭლობით დატოვა მოედანი, მაგრამ მისი გასვლის გამო პორტუგალიას ფრთები არ ჩამოუყრია. საბოლოოდ საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც ალვარო მორატას დიოგო კოშტამ აუღო და ჩემპიონის ვინაობაც გაირკვა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რასაკვირველია ნუნუ მენდეში დაასახელეს. გარდა ორი საგოლე მოქმედებისა, მან როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში ჩინებულად ითამაშა.

რობერტო მარტინესი: „გამარჯვება კლასსა და მრავალ სხვა უნარს მოაქვს. ჩვენ მხოლოდ შეკრული გუნდი კი არ გვყავს, ჩვენ გვყავს 16-17 თანაბარი დონის მოთამაშე. მე როგორც მწვრთნელს საქმე ასარჩევად მაქვს და ტაქტიკის ცვლა შემიძლია. დღეს უკვე სხვა გუნდი ვართ. ეს ის აღარ არის, რაც დამხვდა. ჩვენ შეუდარებლად მტკიცე ხასიათი გვაქვს. საკუთარი თავის გვწამს’’.

ლუის დე ლა ფუენტე: „განსხვავებას წვრილმანები ქმნის. დღეს ჩემი აზრით სუპერ-დაბალანსებული თამაში გაიმართა. როდესაც დამატებითი დრო იწურებოდა, მეგონა, რომ პენალტები აღარ დაგვჭირდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ შეხვედრის ბედი სწორედ პენალტებმა გადაწყვიტა. მოწინააღმდეგე სულ ოდნავ გვჯობდა და ერთი პენალტი დაარტყა ჩვენზე ზუსტად’’.

მესამე ადგილისთვის შეხვედრა საფრანგეთმა გერმანიას 2:0 მოუგო.