სანამ „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ეკონომიას წევს და ცდილობს სადაც კი ხელი მიუწვდება (თუნდაც საუკეთესო ფეხბურთელების ხელფასებზე) ფული დაზოგოს, გამოქვეყნდა Deloitte Football Money League-ის ანგარიში, რომელშიც წერია, რომ კლუბი ფინანსების ბრუნვით ევროპის ოცეულში შევიდა. იტალიის ჩემპიონი მეცხრამეტე ადგილზეა. წინა წელს ის ოცდაათეულშიც კი არ იყო.

სულ რაღაც ერთ სეზონში „ნაპოლის” ბრუნვა თითქმის გაორმაგდა. ზუსტად რომ ვთქვათ 1,7-ჯერ გაიზარდა: 157 მილიონი ევროდან (რაც ბოლო ხუთ წელიწადში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო) 268 მილიონამდე გაიზარდა.  

ზემოთ ნახსენებ ოცეულში 2022/23 წლების სეზონის მონაცემებით სამი ახალი გუნდი შევიდა. ამ სამეულში „ნაპოლის” გარდა არიან „ფრანკფურტი” და „მარსელი”.

ცხრილის სათავეში „რეალია”. „სამეფო კლუბი” პირველ პოზიციაზე 2017/18 წლების სეზონის შემდეგ არ ყოფილა. მისი შემოსავლები 831 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც 118 მილიონის მატებას ნიშნავს.

როგორც ანგარიშში წერია, 2022/23 წლების სეზონის შედეგი სარეკორდოა — 2021/22 წლების სეზონთან შედარებით ევროპული კლუბების ბრუნვა 14 პროცენტით გაიზარდა: 9,2 მილიარდიდან 10,5 მილიარდამდე. ასეთი პროგრესი მატჩებზე დასწრებისა და რეკლამების ზრდამ განაპირობა. პირველმა ფაქტორმა 1,9 მილიარდი, ხოლო მეორემ 4,4 მილიარდი ევროს მოდინება განაპირობა. საინტერესოა, რომ კომერციულმა შემოსავალმა სატელევიზიო შემოსავალს გაასწრო.

Deloitte