Hamed Junior Traorè during the Serie A match between Sassuolo v Juventus, in Reggio Emilia, on April 25, 2022.
ტრაორე „სასუოლოში” თამაშის დროს

„ნაპოლიმ” და „ბორნმუთმა” ჰამედ ჟუნიორ ტრაორეს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს — კოტ დ’ივუარელი შემტევი ნახევარმცველი ნეაპოლში იჯარით გადაბარგდება. ხელშეკრულებაში ჩაიწერება ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაც — 25 მილიონი ევრო.

„ნაპოლის” ტრაორე ჯერ კიდევ მისი „სასუოლოში” თამაშის დროიდან მოსწონს. სეზონის ბოლოს ფეხბურთელის გამოსყიდვის პრიორიტეტი სწორედ „აძურის” ექნება.

კოტ დ’ივუარელი სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის „ნაპოლისთან” ერთად იტალიის სუპერთასზე სათამაშოდ საუდის არაბეთში ვერ გაემგზავრება. შეგახსენებთ, რომ „პარტენოპეელებს” ნახევარფინალური თამაში 18 იანვარს „ფიორენტინასთან” აქვთ.

ტრაორეს „ბორნმუთში” არ გაუმართლა, გუნდს ვერ მოერგო. ინგლისელებმა მიმდინარე სეზონში ის პრემიერლიგის შეხვედრებში ჯამში 44 წუთით შეუშვეს მოედანზე. სამაგიეროდ, აფრიკელი ბრუნდება ლიგაში, რომელსაც კარგად იცნობს — ის „სასუოლომდე” „ემპოლის” ფეხბურთელიც იყო.

ტრაორეს ბოლო პერიოდი მალარიის გამო გაუცდა, თუმცა დაავადება დაძლეულია. მანამდე, აგვისტოში ინგლისის ლიგის თასზე „სვონსის” გოლი გაუტანა და… ფაქტობრივად სადღეისოდ ეს არის ერთადერთი, რაც აქტივში ეთვლება. ლიგის თასზე მან მიმდინარე სეზონში 137 წუთი ითამაშა.

ის, რომ „ნაპოლი” ნაკლებად წარმატებული ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს, იმას ნიშნავს, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ეს ფეხბურთელი ძველი თამაშით ახსოვს და მისი ნიჭისა სწამს. ნეაპოლელებს იმედი აქვთ, რომ კოტ დ’ივუარელი ნახევარდაცვას ენერგიით, ტექნიკით და თამაშის ხედვით აავსებს. ნეაპოლური საიტები წერენ, რომ მისი გამოყენება კარგად შეიძლება არა მარტო შეტევაში, არამედ დაცვაშიც. მას სხვადასხვა როლის შესრულებაც ეხერხება.