„მარადონაზე” „ნაპოლისა” და „მონცას” შეხვედრა 0:0 დასრულდა. გაგაცნობთ შეფასებებს, რომლებიც ნეაპოლურმა საიტებმა მასპინძელთა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას დაუწერეს.

calciomercato 5,5 – მუდამ მოვლენათა ცენტრში იყო, ბევრს გადაადგილდებოდა და „მონცას” დაცვა მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა, მაგრამ ისეთი ხელსაყრელი მომენტი გაუშვა ხელიდან, რომ ეს შეცდომა გუნდს ლოდად დააწვა.

areanapoli 6 – ბევრს მოძრაობდა, გუნდი მის თამაშზე იყო აწყობილი, გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა. პერეირამ და მისმა თანაგუნდელებმა კვარას წინააღმდეგ ბევრჯერ დაარღვიეს თამაშის წესი, მსაჯი დე ბელო კი გარემარბის დასაცავად თავს დიდად არ იწუხებდა. მეორე ტაიმში ბრწყინვალე მომენტი ჰქონდა, ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ ბურთი მეკარეს დაუმიზნა. მარიო რუის უკანდახევაში დიდი როლი შეიტანა, მაგრამ როდესაც მეტოქემ პროვოკაცია მოუწყო, ხრიკს გულუბრყვილოდ წამოეგო.

napolipiu 6 – ამ საღამოს ის იყო „ნაპოლის” ერთადერთი გამონათება. გადამწყვეტი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა. ისევე, როგორც „რომასთან”, მეტოქეები ამჯერადაც უხეშობდნენ მის წინააღმდეგ. ამას ყურადღება უნდა მიექცეს!

tuttonapoli 5,5 – ცდილობდა მეურვესთან გამწვავებებზე წასულიყო. პერეირა რამდენჯერმე იძულებული გახდა ეუხეშა. პირველი ტაიმის მიწურულს ერთ ეპიზოდში ისე ითამაშა, რომ ნამდილად იყო იღბლის ღირსი. რასპადორისთან „კედლის” გათამაშების მომენტში უკეთ უნდა ემოქმედა, მაგრამ მეორე მხრივ ის იყო ერთადერთი, ვინც თავის კაცს მუდამ უსხლტებოდა.

ilnapolista 6 – რბილად რომ ვთქვათ, ყველას სჯობდა. ჩე კვარა „აძურის თამაშის” ცენტრალური ფიგურა ხდება, მაგრამ წარმოუდგენელ მომენტებს უშვებს ხელიდან.

მან მეტოქეებს სამი ყვითელი ბერათი მიაღებინა. მეტოქის მწვრთნელიც კი გააფრთხილებინა (შემდეგ გააძევეს კიდეც), მაგრამ საგოლე მომენტების ასე იოლად ქარისთვის გატანება დაუშვებელია. ბოლოს კი გონება დაკარგა და ინერვულა. ყვითელი ბარათიც მიიღო. ამიტომ — 5.

calcionapoli24 6 – ფლანგიდან იწყებდა, მერე კი საჯარიმოში აწვდიდა ან კარში არტყამდა. ყველა ბურთისთვის იბრძოდა. ადვილი შესამჩნევია, რომ ხშირად მარტოც კი არ ეპუება მეტოქის დაცვას. 44-ე წუთზე თავისი საფირმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ ააცილა. 55-ე წუთზე დიდებული მომენტი ჰქონდა, ოღონდ მკვლელის ინსტინქტი დააკლა და მეტოქე გუნდის მეკარე დაინდო. კარგ სივრცეებს აჩენდა, მაგრამ ყველაფერს თვითონ ხომ ვერ გააკეთებდა. მეტოქესთან ჩხუბის გამო ყვითელი მიიღო. ფაქტობრივად, ყველას წინააღმდეგ მარტო თამაშობდა.

calcionapoli1926 6,5- „აძურის” მოთამაშეთა შორის ყველაზე სახიფათო იყო. „მონცას” დაცვაში პანიკას თესავდა და თანაგუნდელებს შესანიშნავად ეხმარებოდა. შექმნა ბევრი საგოლე მომენტი, მაგრამ უკლებლივ ყველა განიავდა.