გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ატლეტიკოს” 3:0 მოუგო. „მესტალიაზე” ზეიმი გაიმართა. superdeporte წერს, რომ „ღამურების” გულშემატკივარი ამას იმსახურებდა, რადგან ის კლუბის მეპატრონეს, სინგაპურელ პიტერ ლიმს დიდი ხანია ცუდი ფეხბურთისთვის ჰყავს განწირული, გუნდმა კი ამის მიუხედავად თვით ჩემპიონთა ლიგის მონაწილე მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა. სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა მოაწყო ტალღები, იძახა „ოლე, ოლე”, იმღერა «¡Que bote Mestalla!» და ყველაფერი ეს იმის ფონზე, რომ კლუბის მფლობელმა კომპანიამ „მერიტონმა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ფაქტობრივად არ გამოიყენა.
თუმცა, პორტალის აზრით გუშინდელ ტრიუმფატორთა შორის მთავარი „ჩეების” მწვრთნელი რუბენ ბარახა იყო. ტრიბუნები მის სახელს სკანდირებდნენ. მისი წყალობით ხუთი ტურის შემდეგ გუნდს 15 შესაძლებლიდან 9 ქულა აქვს და იქმნება განცდა, რომ ბარახას მინიმალური რესურსით მაქსიმუმის მიღწევა შეუძლია.
„დიდი ბედნიერებაა როდესაც ხალხი შენს გარჯას აფასებს. განსაკუთრებით ის მიხარია, რომ ამას აკეთებს ვალენსიელი ხალხი, რადგან „ვალენსია” ის ადგილია, სადაც მე ყველაზე მეტად მსურს ყოფნა”, — თქვა მატჩის შემდეგ ბარახამ და „მესტალიას” განუმეორებელ ატმოსფეროზე ილაპარაკა.
„ღამურების” სამი გოლიდან ორი, მე-5 და 34-ე წუთებზე უგო დურომ გაიტანა, მესამე კი 54-ე წუთზე ხავი გუერამ შეაგდო. რაც შეეხება ქართველ მეკარეს, მას მეორე ტაიმის შუამდე დიდი დატვირთვა არ ჰქონია — მეტწილად პრესინგის ქვეშ მოქცეული თავისივე მცველების მიგორებულ ბურთებს აგზავნიდა წინ, ნახევარმცველებისკენ და უნდა ითქვას, რომ ფეხით თამაშში დიდი პროგრესი აქვს. 3:0-ის შემდეგ კი, როდესაც „ატლეტიკომ” ძალ-ღონე მოიკრიბა და მდგომარეობის გამოსწორება სცადა, გიორგიმ რამდენიმე დარტყმა ჩინებულად მოიგერია, ორიოდ ეპიზოდში კი კარგად გამოვიდა კარიდან.