გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო — სევილიაში 2:1 მოიგო. ბოლო პერიოდში „ღამურებს” სევილიელებთან არ უმართლებდათ. ჩემპიონატში მათ მეათე ცდიდან მიაღწიეს სასურველ შედეგს — წინა ცხრა დაპირისპირებიდან 6 „სევილიამ” მოიგო, სამი კი ფრედ დასრულდა. ანგარიში ვალენსიელმა მუკტარ დიაკაბიმ მე-60 წუთზე გახსნა, მაგრამ მაროკოელმა იუსეფ ელ ნესირიმ 9 წუთში გაათანაბრა. სტუმრათა გამარჯვების გოლი 20 წლის ხავი გუერამ 88-ე წუთზე შეაგდო. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლამდე 7 წუთით ადრე მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან სევილიელი ფრანგი, ლოიკ ბადე გააძევა.

ქართველი მეკარის თამაშზე ყველა ესპანური გამოცემა ერთსა და იმავეს წერს: რიგ ეპიზოდებში გიორგი საკუთარ თავში დარწმუნებული არ იყო; გოლის დროს უკეთ შეეძლო მოქმედება და შეხვედრის მიწურულს „ვალენსიას” კარი კარგი ნახტომით იხსნა.

„ჩეების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ მატჩის შემდეგ თქვა: „ჩვენ დღეს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემადგენლობის გაძლიერება არ გვჭირდება. წინ ძალიან გრძელი სეზონი გველის”.