Imagenგიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში” დაბრუნდა. როგორც cope.es წერს, ის ოპტიმიზმით არის აღსავსე და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას აპირებს. წერილის სათაურიც ესპანური პორტალისგან გვაქვს ნასესხები.

ქართველ ნახევარმცველს „კასტელონში” დიდებული სეზონი ჰქონდა. გუნდმა ბოლომდე იბრძოლა მეორე დივიზიონში აღზევებისთვის.

პორტალი წერს, რომ „ქოჩომ” „კასტელონის” შემადგენლობაში, RFEF-ის პირველ დივზიონში (რაც ესპანური საკლუბო ფეხბურთის მესამე ლიგაა), 40 შეხვედრა ჩაატარა — 36 რეგულარულ ჩემპიონატში, ხოლო 4 მეორე დივიზიონში გადასასვლელ ფლეი-ოფში. „დეპორტივოსა” და „ალკორკონთან” შეხვედრებში ის MVP-დ დაასახელეს. cope.es წერს: „ეს გახლდათ დამტკიცება, რომ ქართველს ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა”.

ესპანური საიტის აზრით, მართალია ქოჩორაშვილი ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, მაგრამ გუნდის წარმატებულ თამაშში შეცვლაზე შესულიც დიდ როლს თამაშობდა. „კასტელონის” ხელმძღვანელები მისი მონაწილეობით ყველა ვარიანტში კმაყოფილები რჩებოდნენ.

„ქოჩომ” სეზონის განმავლობაში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ფლეი-ოფში მას შეეძლო გუნდისთვის მეორე დივიზიონის საგზური მოეტანა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.

ქართველი ნახევარმცველი „ლევანტეს” საკუთრებაა, „კასტელონში” კი იჯარით იყო გაშვებული. ახალ გუნდში ის ჩავიდა როგორც გამთამაშებელი, თუმცა ალბერტ რუდემ ოდნავ უკან, ეგრეთწოდებული 8 ნომრის პოზიციაზე დააყენა და გიორგიმ გაამართლა. მართალია, მოწოდების შესაბამისად მას გული შეტევისკენ მიუწევდა, მაგრამ ადგილობრივი პრესა დარწმუნდა, რომ საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციასაც შესანიშნავად ართმევდა თავს.

ქოჩორაშვილი ესპანეთში 2019-2020 წლების სეზონში ჩავიდა. იმ წელიწადს მან პირველ დივიზიონში, „ბილბაოსთან” შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შემდგომ სეზონებში „ქოჩო” ხან „ლევანტეს” მთავარ გუნდში ვარჯიშობდა, ხან „ატლეტიკო ლევანტეში”. სულ ნათამაშები აქვს ლა ლიგის ოთხ და სამეფო თასის ორ შეხვედრაში. უმაღლეს დონეზე მოედანზე ყველაზე მეტი დრო „ხეტაფეს” წინააღმდეგ დაჰყო.

გიორგი ქოჩორაშვილს „ლევანტესთან” 2025 წლამდე აქვს კონტრაქტი. ახალი სეზონი ქართველმა შაბათს „სტოკ სიტისთან” ამხანაგური შეხვედრით (1:1) დაიწყო.