Tottenham Hotspur assistant manager Cristian Stellini and manager Antonio Conte during the Premier League match at St Mary's Stadium, Southampton....
კრისტიან სტელინი და ანტონიო კონტე

ანტონიო კონტეს თანაშემწემ კრისტიან სტელინიმ „ტელელომბარდიას” პოდკასტ Qui studio a voi stadium-ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავისი შეფის შესახებ ილაპარაკა. გთავაზობთ ამ საუბრის ამონარიდებს და შეგახსენებთ, რომ კონტე ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, „ნაპოლის” პრეზიდენტისთვის აურელიო დე ლაურენტისისთვის მომავალი მწვრთნელობის ყველაზე სასურველი კანდიდატია:

— ანტონიოს ძალიან უნდა საქმეს რომ დაუბრუნდეს, — თქვა სტელინიმ, — გასულ ზამთარს მან საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა. ახლა უკვე მზადაა. შესაძლოა ახალ გუნდში ტაქტიკური სიახლეებიც შემოგვთავაზოს. მან ამ საკითხებს დიდძალი დრო დაუთმო. მისი ფეხბურთი გახდება კიდევ უფრო თანამედროვე და მოულოდნელობებით სავსე. ანტონიო მეტად მომთხოვნი მწვრთნელია, თუმცა კლუბებთან ურთიერთობაში სხვათაგან არაფრით განსხვავდება.

— მას სატრანსფერო ბაზრისთვის სუპერბიუჯეტი სჭირდება?

— მისთვის მთავარი ყოველთვის პროექტის ამბიციურობა იყო და არა მოთამაშეთა ფასები. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ანტონიოს მუდმივად თავის გუნდში სურდა რომელუ ლუკაკუა და ის ანტონიოს წასვლის შემდეგ ორმაგ ფასად გაყიდეს. სხვათა შორის, კონტესთვის ბევრი იარლიყი მიუწებებიათ, რომლებიც მის სიცილს იწვევს.

ასე მაგალითად, მას აბრალებენ, რომ „ინტერში” მუშაობის დროს რაფაელ ლეაოს ყიდვაზე თქვა უარი. ეს ტყუილია. თან ძველი ამბავია, რომელიც რატომღაც ახლა ამოუტივტივეს. არადა, ლეაოს ყიდვა ჩვენს სამწვრთნელო შტაბს არ დაუბლოკავს.

როგორც გითხარით ანტონიოსთვის მთავარი პროექტის ამბიციურობაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კონტე ყოველთვის ისეთ გუნდში მიდის სამუშაოდ, რომელმაც რთული პერიოდი გამოიარა.

— ამბობენ, რომ კონტეს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა არ აინტერესებს.

— ეს კიდევ ერთი იარლიყია. ამბობენ, თითქოს ანტონიოს მარტო ჩამოყალიბებულ ვარსკვლავებთან შეუძლია მუშაობა. არადა, მის ხელში ყოველთვის იზრდებოდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები. „არცოში” მან 16 წლის ანდრეა რანოკია გამოიყვანა წინა პლანზე, „ბარიში” ფრანჩესკო კაპუტო, რომელიც ლიგა-ეჩელენცაში გამოდიოდა. შემდეგ, „ინტერში” ალესანდრო ბასტონი წამოწია, რომელსაც „პარმაში” არ იყენებდნენ…

— კონტეზე ამბობენ, რომ მხოლოდ ძლიერი გუნდებს დაეძებს. ისეთებს, რომლებთან ერთადაც გაიმარჯვებს.

— ანტონიო ამბიციური ადამიანია და ყველას 110 პროცენტიან გარჯას სთხოვს. გაიხსენეთ კლუბები, რომელბშიც მან იმუშავა. როგორები იყვნენ ისინი კონტემდე და რა მემკვიდრეობა დაუტოვა მათ კონტემ წასვლის შემდეგ. ანტონიომ მათ გაზრდილი, ძლიერი ფეხბურთელები დაუტოვა.

—  რას იტყვით „მილანში” ან „ნაპოლიში” წასვლის პერსპექტივაზე?

— ანტონიო მზად არის ნებისმიერ საინტერესო პროექტს ჩაუდგეს სათავეში. როგორ შეიძლება არ დაგაინტერესოს დიდმა კლუბმა. მაგალითად „მილანს” ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და აქვს პოტენციალი, რომ „ინტერთან” ჩამორჩენა რომ გამოასწოროს. სტეფანო პიოლიმ იქ დიდი საქმე შეასრულა. კონტეს კარიერა კი კრიზისში მოყოლილი გუნდების გაძლიერებისგან შედგება.