Dean Henderson is back at United and could start the season between the sticks
დინ ჰენდერსონი

„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა თქვა, რომ ახალ სეზონს დინ ჰენდერსონით დაიწყებს — ჰენდერსონი მეკარეა, რომელიც გასულ სეზონში იჯარით „ნოტინგემ ფორესტში” თამაშობდა.

როგორც ცნობილია, „მანჩესტერ იუნაიტედს” „ინტერის” კარის მცველის ანდრე ონანას შეძენა უნდა, მაგრამ მილანელები კამერუნელს 51 მილიონ გირვანქად (59,5 მილიონი ევროდ) აფასებენ, მაშინ როდესაც მანჩესტერელები 43 მილიონ გირვანქაზე (50,1 მილიონი ევრო) მეტის გადასახდელად არ არიან მზად. მოლაპარაკებები გრძელდება. ოფიციალურად, მხარეებს ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ გამოსავალს მოძებნიან, მაგრამ ტრანსფერების გურუმ ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ვაჭრობის დროს იყო „დაძაბული მომენტები”.

„იუნაიტედი” 19 ივლისს „ლიონს” ხვდება, რის შემდეგაც სეზონისწინა შეკრებაზე ამერიკაში მიემგზავრება. ტენ ჰაგს სურს მეკარის საკითხი მანამდე მოგვარდეს.

ჰოლანდიელ მწვრთნელს ჰკითხეს, რამდენად შესაძლებელია, რომ გუნდის კარი ჰენდერსონს ანდოდნ.

„რასაკვირველია შესაძლებელია. მეკარის პოზიცია უმნიშვნელოვანესია, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც დღეს ჩემს განკარგულებაში არიან”, — უპასუხა მან.

ტენ ჰაგი მეკარის გარდა თავდამსხმელსაც ეძებს. მას ძალიან მოსწონს „ატალანტას” დანიელი ფორვარდი რასმუს ჰოილუნდი, მაგრამ მხარეები თანხაზე აქაც ვერ თანხმდებიან. ბერგამოელებმა მანჩესტერელებს 35 მილიონ ევროზე უარი უათხრეს.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარის საკითხზე დიდად არის დამოკიდებული დატრიალდება თუ არა ევროპაში „მეკარეების კარუსელი”. ეს პროცესი სხვებთან ერთად შეიძლება „ვალენსიას” ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილსაც შეეხოს.