Bernardo Silva of Manchester City celebrates scoring the first goal during the UEFA Champions League semi-final second leg match between Manchester...Wonderwalls — „ოაზისის” ეს სიმღერა „მანჩესტერ სიტის” ტრიუმფის ლაიტმოტივია. „ქალაქელებმა” „რეალს” 4:0 მოუგეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც „ინტერს” შეხვდებიან. ინგლისურ გუნდს მადრიდელებთან შთამბეჭდავი უპირატესობა ჰქონდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ „რეალის” საუკეთესო მოთამაშედ მეკარე ტიბო კურტუა დაასახელეს, თვალნათლივ აღწერს შეხვედრის სცენარს. პეპ გვარდიოლას გუნდი მეტოქეს ყველაფერში სჯობდა. calciomercato-ს აზრით, როდესაც კატალონიელი მწვრთნელის შეგირდები სრული ძალით თამაშობენ, მათი გამჩერებელი არავინ არის. და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „სიტის” ისტორიაში პირველ ჩემპიონთალიგურ ტრიუმფს ახლა „ინტერიღა” უდგას წინ.

ფინალი 10 ივნისს სტამბოლში გაიმართება. ბევრის აზრით ის ფორმალობაა, რადგან მანჩესტერელებს ვერაფერი გააჩერებთ, მაგრამ მილანელთა ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ გამოწვევისთვის მზად არის. ის გაბრაზებულია, მისი გაბრაზების მიზეზი კი ზემოთ ნახსენები როკ-ჯგუფის, „ოაზისის” ლიდერი ნოელ გალაჰერი გახლავთ. „სიტის” თავგადაკლულმა ფანმა ერთი თვის წინ თქვა, რომ ფინალში „ინტერთან” შეხვედრას ნატრულობს, რადგან „ნერაძური” ყველაზე სუსტ გუნდად მიაჩნია.

სანამ გალაჰერი „ინტერთან” შეხვედრაზე ოცნებობდა, ლუკაკუ შესანიშნავ ფორმაში შევიდა —  დაახლოებით ისე ათამაშდა ანტონიო კონტეს დროს რომ თამაშობდა. მილანელთა ჩინელმა პრეზიდენტმა სტივენ ჟანგმა ისიც გაიხსენა, რომ ბელგიელმა სეზონის დასაწყისში თქვა, ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავალთო. და აი, „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელის წინასწარმეტყველება ახდა.

ამასობაში, ნოელ გალაჰერის ძმამ ლაიამმა, სოციალურ ქსელში, გულშემატკივრის კითხვაზე, აღდგება თუ არა „ოაზისი” თუკი „მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს უპასუხა: „მე მზად ვარ”. ძმებ გალაჰერებს რთული ურთიერთობა აქვთ.