May be an image of 1 person, performing martial arts and textდოჰაში დაიწყო ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატი და ქართველთა მონაგარი ჯერ მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია. მედალი კი დებიუტანტმა, 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.
მომავალმა მედალოსანმა ჯერ ზამბიელი საიმონ ზულუ, შემდეგ ავსტრიელი მარკუს აუერი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში ესპანელ ფრანსისკო გარიგოსთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. იქ კი სარდალაშვილმა ჯერ ყაზახი ნურკანატ სერიკბაევი, შემდეგ ბელგიელი ორ ვერსტრაეტენი დაჯაბნა და სადებიუტო ჩემპიონატზევე ბრინჯაოს მედალი ირგუნა.
66 კილოგრამამდე მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი კი სამეულს მიღმა დარჩა. ჩვენებურმა ესტონელ ოსკარ პერტელსონსა და მონღოლ ეხემბაიარ ბატოგტოხს ვაზარებით მოუგო, რის შემდეგაც მეოთხედფინალში ოლიმპიურ და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ, იაპონელ ჰიფუმი აბესთან 2 წუთში დამარცხდა.
მარგველაშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც აქამდე რუსეთის, ამ მსოფლიოზე კი „ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტების“ სახელით მოასპარეზე იაგო აბულაძე დაამარცხა. ვაჟა ბრინჯაოსთვის მონღოლ ბასხუუ იონდონპერენლეის დაეჭიდა – დამატებით დროში გამარჯვება მეტოქეს დარჩა. ხვალ დოჰიოს ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (73) იჭიდავებს.