„ვალენსიამ” მადრიდში „ატლეტიკოსთან” 0:3 წააგო და როგორც ვალენსიური superdeporte წერს, ეს იყო ახალი, მიმდინარე სეზონში რიგით მესამე მწვრთნელის რუბენ ბარახას ხელმძღვანელობით ჩატარებული ყველაზე ცუდი თამაში. საოცარი ის გახლდათ, რომ ხელების შლისა და საჯაროდ ნერვიულობის გარდა „ღამურებს” სახეირო არაფერი გაუკეთებიათ. როდესაც აგებდნენ, ბურთის წასართმევად მეტოქეს ჟინით არც კი ესხმოდნენ თავს.
რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, გავლენიანი AS მასზე ასე წერს: „ის გუნდში კვლავ საუკეთესო იყო. მან რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია და „ვალენსია” უფრო დიდი დამარცხებისგან იხსნა”.
ოდნავ სხვა სიტყვებით ზუსტად იმავეს ამბობს ზემოთ ნახსენები superdeporte, ხოლო plazadeportiva-ს, რომელიც აგრეთვე ვალენსიური პორტალია, მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ 0:0-ის დროს, როდესაც გალაღებულმა მასპინძლებმა საუცხოო კომბინაცია გაითამაშეს, გიორგიმ კარი ისე იხსნა, რომ ეს ეპიზოდი მთელი სეზონის საუკეთესო მოგერიებათა რიცხვში მოხვდება. „ქართველი მხეცივით იყო (Bestial el georgiano)”, — ასე წერია სიტყვასიტყვით plazadeportiva-ს მიმოხილვაში.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ. განსაკუთრებით იმიტომ, რომ დღეს კლუბის დაარსების დღეა. ვისურვებდი ჩემი გუნდისგან სხვანაირი ბრძოლა მენახა”, — თქვა მატჩის შემდეგ „ჩეების” თავკაცმა ბარახამ.





