„მარკას” აზრით ლოთარ მათეუსი ყოველთვის მიზანში არტყამს; პირდაპირი კაცია. გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ამჯერად კრიშტიანუ რონალდუს „დაუმიზნა”. საერთოდ, 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი კრიტიკულ განცხადებებს არ ერიდება.
„რონალდუს ისეთი დიდი ეგო აქვს, რომ გუნდიც დააზიანა და თავიც, — თქვა მათეუსმა „ბილდთან” ყატარში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემიონატზე მსჯელობისას, — იმაში, რომ ის დიდი ფეხბურთელი იყო ორი აზრი არ არსებობს. ის გახლდათ უმაღლესი დონის ბომბარდირი, მაგრამ საკუთარი ლეგენდა შებღალა. ჩემთვის ახლა უკვე ძნელია იმის წარმოდგენა, რომ რონალდუ გუნდში ადგილს კვლავ იპოვის. თუმცა, მეორე მხრივ უნდა ვაღიარო, რომ მე მის გამო გული მწყდება”.
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მსოფლიოს ჩემპიონატი მეოთხედფინალში დატოვა. მისი ნაკრები მაროკომ დაამარცხა. ბოლო ორ შეხვედრაში კრიშტიანუ სათადარიგოთა სკამზე იჯდა და საქმეში მეორე ტაიმში ჩაერთო.
„მესისგან განსხვავებით ის მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო, — თქვა 1990 წლის „ოქროს ბურთის” ლაურეატმა და 1991 წლის ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელმა, — მესი დიდი ჩემპიონია. ის ტიტულს იმსახურებდა, რადგან მე და მილიონობით ფეხბურთის მოყვარულს უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭა. ის ამას უკვე 17-18 წელია აკეთებს. ჩემთვის მესი ათასწლეულის საუკეთესო ფეხბურთელია”.
მათეუსისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატში კრიშტიანუ რონალდუს გარდა იყო კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება:
„ჩემპიონატის მსვლელობისას მსაჯები უამრავჯერ შეცდნენ და VAR-მა ეს შეცდომები ვერ გამოასწორა”.





