გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” როგორც იქნა გაკვაჭა მორიგი სატრანსფერო ოპერაცია, — პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდრე ალმეიდა 7,5 მილიონ ევროდ „ღამურა” გახდა. ალმეიდამ ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა. ახალწვეული მანისესის აეროპორტში გუშინ ჩაფრინდა და AS-მა ფოტო გადაუღო.

„ძალიან მიხარია „ვალენსიას” ფეხბურთელი რომ გავხდი. იმედი მაქვს, რომ აქ ბევრ ტიტულს მოვიგებ. „მესტალიადან” ერთი კვირის წინ დამირეკეს. არ ვიცოდი ამ კლუბს ჩემი შეძენა თუ უნდოდა. მწვრთნელთან ჯერ არ მილაპარაკია. ეს შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი,” — თქვა პორტუგალიელმა.

„ვალენსია” თავიდან ჰარი ვინკსის ან არტურ მელოს შეძენას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ გეგმები შეიცვალა და გუნდმა ნახევარდაცვა ანდრე ალმეიდათი გააძლიერა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ჯერ ერთი აირჩიეს ის, ვისაც ყველაზე დაბალ ხელფასს გადაუხდიან. საქმე ის არის, რომ „ჩეებს” ედინსონ კავანის დამატება უნდათ და ფული მისთვის სჭირდებათ.  გარდა ამისა, ალმეიდა თამაშის სტილიდან გამომდინარე წესით კარლოს სოლერს შეტევის ორგანიზებაში კარგად უნდა დაეხმაროს.

ანდრე ალმეიდა 22 წლისაა. მისი სიმაღლეა 178 სანტიმეტრი. „ვალენსიამდე” ის „ვიტორია გიმარაეშში” თამაშობდა.