ოფიციალური განცხადება ასეთია: კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში, სტადიონ „ოლემბეზე“, კამერუნისა და კომორის კუნძულების ნაკრები გუნდების მატჩის დაწყების წინ, ჭყლეტაში სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა. ეს გახლდათ აფრიკის ერთა თასის მერვედფინალური შეხვედრა, რომელიც ტრაგედიის მიუხედავად ჩატარდა და მასპინძელმა ნაკრებმა 2:1 მოიგო.

კამერუნის ცენტრალური რეგიონის გუბერნატორმა ნასერი პოლ ბიამ თქვა, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა მეტიც იყოს. „ჩვენ ჯერ არ ვართ მზად საბოლოო მონაცემების გამოცხადებისთვის“, — ბრძანა გუბერნატორმა.

გავრცელებულ ცნობათა თანახმად ბევრი გულშემატკივარი საავადმყოფოშიც წაიყვანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია ჭყლეტა ჭიშკარში და გონებადაკარგული ადამიანები.

თვითმხილველთა მონაყოლის მიხედვით, ჭყლეტა გამოიწვია იმან, რომ სტიუარდებმა შესასვლელები დაკეტეს, გარეთ დარჩენილმა ხალხმა კი სტადიონზე შევარდნა სცადა.

„მესასი ჰოსპიტალის“ მედდამ ოლინგა პრუდენსემ თქვა: „დაშავებულთაგან ზოგი მძიმედ არის. მათი სპეციალიზებულ საავადმყოფოებში გადაყვანა მოგვიწევს“.

დაზარალებულთა შორის არიან ბავშვებიც.

თამაშზე დასწრებას 50 000 გულშემატკივარი ცდილობდა. „ოლემბეზე“ 60 000 მაყურებელი ეტევა, მაგრამ კოვიდ-რეგულაციების თანახმად 48 000-ზე მეტის შეშვება აკრძალული იყო.

მეოთხედფინალში კამერუნი გამბიას შეხვდება.