ბილბაოში, „სან მამესზე“, „ბარსელონას“ საშინელი საღამო ჰქონდა და არა მარტო იმიტომ, რომ ჩავის გუნდი „სამეფო თასის“ მერვედფინალიდან გავარდა, არამედ იმიტომაც, რომ პედრის გოლის შემდეგ, რომელმაც თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, ანსუ ფატიც დაშავდა და თავად კანარის კუნძულელი გოლის ავტორიც.

შემდეგ კი დადგა 106 წუთი, როდესაც ჯორდი ალბამ საჯარიმოში ხელით ითამაშა, იკერ მუნიაინმა კი თერთმეტი მეტრიდან ბილბაოელთა გამარჯვების გოლი შეაგდო.

ჩავის გუნდს პირველი წუთიდანვე უჭირდა. დაიწყო თუ არა თამაში, ალბას ნიკო ვილიამსმა აჯობა და მუნიაინს ჩააწოდა, მან კი ეფექტურად ჩაახვია კარში. ამ ეპიზოდში „ბარსას“ გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ვერაფერს გააწყობდა. მან პირველ ტაიმიში, რამდენიმე ეპიზოდში ითამაშა კარგად.

შემდეგ, კიდევ ერთი ლამაზი, ჩახვეული გოლი გავიდა. ის უკვე „ბარსაში“ „მანჩესტერ სიტიდან“ გადასულმა ფერან ტორესმა გაიტანა მე-20 წუთზე.

მეორე ტაიმში ჩავიმ მოედანზე ნიკო გონსალესი და ანსუ ფატი შეუშვა, მაგრამ სახიფათო მომენტებს ძირითადად მაინც მასპინძლები ქმნიდნენ. ერთხელ ხარიხასაც გაარტყეს ბურთი.

86-ე წუთზე კი ტერ შტეგენი მაღალ ბურთზე არასწორად გამოვიდა, რასაც ინიგო მარტინესის გოლი მოჰყვა — მარტინესმა ძელთან ჟერარდ პიკეს აჯობა და თავურით ჩამოგდებული ბურთი უფრო დაამიწა ვიდრე ფეხბურთის გოლი შეაგდო.

90+3 წუთზე დანი ალვეშმა ყველას აჩვენა, რომ მაკრატელა მარტო დარტყმა კი არა, პასიც არსებობს. მან პედრის ხელსაყრელი მომენტი შეუქმნა. კანარელმა შეაგდო, მაგრამ… დამატებით დროში, როგორც მოგახსენეთ, მაინც „ბილბაომ“ იყოჩაღა.

მატჩის შემდეგ ბასკების თავკაცმა მარსელინიომ თქვა: „ჩვენთან, „სან მამესზე“ სათასო შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებულია, დღეს კი უბრალოდ ჯადოსნური გამოვიდა. ეს საღამო ალბათ მთელი ცხოვრება მემახსოვრება. დიდ მეტოქეს ვხვდებოდით, მაგრამ მატჩის უმეტეს დროს მასზე უკეთ ვთამაშობდით. დღეს ჩვენს მიმართ ბედიც სამართლიანი იყო. აღარაფერს ვიტყვი გულშემატკივრებზე. ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ ისმოდა მათი ხმა ქვემოთ.

რაც შეეხება სტატისტიკას, ერთადერთი რითაც „ბარსელონამ“ გვაჯობა ბურთის ფლობის პროცენტი იყო. სხვა ყველაფერში ჩვენ ვჯობდით“.