ჯეიმი კარაგერმა თქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთობლივ საუკეთესო თერთმეტეულში ვერ მოხვდებოდა, იურგენ კლოპი პორტუგალიელს ამ ორი გუნდის ნაკრებში არ აიყვანდაო.

არადა, რაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, 36 წლის ვარსკვლავმა ყველა შეჯიბრების 7 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

კვირას, 24 ოქტომბერს, რონალდუ კარიერაში მეცამეტედ ითამაშებს „ლივერპულის“ წინააღმდეგ. კლოპის გუნდი „ოლდ ტრეფორდს“ სტუმრობს.

მერსისაიდელთა ყოფილი მცველი კარაგერი ამბობს, რომ თავად, რონალდუსთან შედარებით უპირატესობას სუპერვარსკვლავ მეისონ გრინვუდს ანიჭებს. გრინვუდმა „ლესტერ სიტისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრაში ულამაზესი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მან უკვე ოთხჯერ გამოიჩინა თავი, გასულ სეზონში კი 12 შეაგდო.

„მე გრინვუდის ფანი ვარ. სუპერვარსკვლავად მიმაჩნია, — თქვა კარაგერმა „სქაი სპორტის“ გადაცემაში „ორშაბათ ღამის ფეხბურთი“, — რატომ უნდა შეიყვანოთ რონალდუ თერთმეტეულში? მხოლოდ იმიტომ, რომ ლეგენდარული ფიგურაა? მე დღევანდელ მდგომარეობაზე ვლაპარაკობ“.

შემდეგ, გადაცემის წამყვანმა დევიდ ჯონსმა კარაგერს ჰკითხა, მოინახებოდა თუ არა რონალდუსთვის ადგილი დღევანდელ „ლივერპულში“. კარაგერმა ცივად უპასუხა: არა!

გადაცემაში ჯეიმი კარაგერთან ერთად მონაწილეობდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანი მცველი გარი ნევილი.

„რასაკვირველია, ჯეიმის ვერ დავეთანხმები, — თქვა ნევილმა, როდესაც სიტყვა რონალდუს „ლივერპულისა“ და „იუნაიტედის“ დღევანდელ თერთმეტეულში მოხვედრა-ვერ მოხვედრაზე ჩამოვარდა.

ისევ კარაგერი: „ამავე სიმბოლური გუნდის შედგენა იურგენ კლოპისთვის რომ დაევალებინათ, არა მგონია მას რონალდუ შეეყვანა“.

ნევილმა კი კარაგერისგან განსხვავებით, „ლივერპულ-მანჩესტერის“ თავდასხმაში არც ლივერპულელებისთვის დაიშურა ადგილი — სადიო მანე და მო სალაჰი დაასახელა — და მათ წინ, რონალდუსთვისაც გამოძებნა პოზიცია.