„რეალმა”, „ბარსელონამ” და „იუვენტუსმა” უეფას კონტრშეტევა მოუწყვეს. გუშინ გაგაცანით უეფას გადაწყვეტილება, დასაჯოს სუპერლიგის დამფუძნებელი ეს სამი კლუბი, თუმცა სამეული არ შეშინდა და საპასუხო განცხადება გაავრცელა.

განცხადების ყველაზე მძაფრი მონაკვეთი მისი ბოლო წინადადებაა: „ფეხბურთს ან რეფორმას ჩავუტარებთ ან მისი გარდაუვალი დაცემის მოწმეები გავხდებით”.

„რეალი”, „ბარსელონა” და „იუვენტუსი” განცხადებაში რამდენჯერმე უსვამენ ხაზს, რომ ეს სამი საფეხბურთო ინსტიტუტი საუკუნეზე მეტია რაც არსებობს და მათზე ძალადობა დაუშვებელია. ისინი წერენ, რომ სუპერლიგა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთის გადარჩენისა და გაუმჯობესებისთვის დააფუძნეს, უეფასთან კი დიალოგი და თანამშრომლობა სურდათ.

სამეულის მტკიცებით, ჯერ საკითხის სასამართლო გარჩევები მიმდინარეობს და სანამ მოსამართლეებს ვერდიქტები არ გამოუტანიათ, უეფას მხრიდან რაიმე სადისციპლინო ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირის მიერ მოპოვებული თავისუფლებების და სამართლის ფეხვეშ გათელვაა.

„რეალის”, „ბარსელონასა” და „იუვენტუსის” აზრით, უეფა მათთან თანამშრომლობას და პრობლემური საკითხების მოგვარებას არ ცდილობს.