20 წლის ვინისიუს ჟუნიორმა „რეალში” თავისი მე-14 და მე-15 გოლებით „ლივერპული” რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მეორე მხრივ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მერსისაიდელებთან 3:1 გამარჯვება მადრიდელებს „ელ კლასიკოს” წინ, სავარაუდოდ კარგ გუნებაზე დააყენებდა, რაც მაყურებლისთვის დიდი ხეირი უნდა იყოს — შაბათს, 10 აპრილს, „რეალისა” და „ბარსას” დაპირისპირება წესით გვარიანად სასეირო უნდა გამოვიდეს.

ვინისუსმა პირველი გოლი ტონი კროოსის ბრწყინვალე გადაცემის შედეგად შეაგდო, თუმცა გერმანელის საუცხოო გადაცემა ბრაზილიელმა ბურთის არანაკლებ საუცხოო მიღებითა და დარტყმით დაამშვენა. შემდეგ, სტუმრები დაცვაში შეცდნენ, რითაც მარკო ასენსიომ ისარგებლა და ანგარიში ორამდე გაზარდა — ესპანელმა თავდამსხმელმა ბოლო ოთხ თამაშში მეოთხე გოლი გაიტანა.

მეორე ნახევრის დასაწყისში მო სალაჰმა სხვაობა შეამცირა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ „ლივერპულს” მდგომარეობიდან გამოსვლის შანსი მიეცა, მაგრამ ვინისიუსმა მალე კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. ამჯერად მას ასისტენტობა ლუკა მოდრიჩმა გაუწია.

მატჩის შემდეგ „რეალის” მეკარემ ტიბო კურტუამ თქვა: „კარგი შეხვედრა იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში ვივარგეთ. მეტოქის მოქმედებებს კარგად ვაკონტროლებდით, ორი გოლი გავიტანეთ…

მეორე ტაიმი „ლივერპულმა” გოლის წყურვილით, ინტენსიურად დაიწყო. აკი, გაგვიტანა კიდეც. იმ ეპიზოდში ცოტა არ გამიმართლა. საბედნიეროდ, სიმშვიდის შენარჩუნება შევძელით და ორბურთიანი უპირატესობა აღვადგინეთ. ახლა, საპასუხო თამაშის წინ კარგ მდგომარეობაში ვართ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ „ენფილდზე” თამაში ყველასთვის ძნელია”.

ქვემოთ გთავაზობთ ვინისიუს ჟუნიორის ეპიზოდების ამონაკრებს „ლივერპულთან” შეხვედრაში.