ოლე გუნარ სულშერი იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ „ვესტ ბრომვიჩთან” გუშინდელი 1:1-ის მიუხედავად, „მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონობის რეალური კანდიდატია. არადა, ჯერ ერთი ბოლოსწინა ადგილზე მყოფ გუნდთან ორი ქულის დაკარგვა უბრალოდ არ შეიძლებოდა და მეორეც, ცოტა ძნელია ჩემპიონობისთვის ბრძოლა, როდესაც ხუთ თამაშში ცხრა ქულას ქარს ატან.

„ოლდ ტრეფორდის” ნორვეგიელმა ბოსმა თქვა: „ასე ადრე დანებება გამორიცხულია. არავინ იცის რა მოხდება. მიმდინარე სეზონი მოულოდნელობებით არის სავსე. მე არ ვაპირებ მეორეობას შევეგუო. ჩვენ, რასაკვირველია, პირველობისთვის ვიბრძოლებთ.

მადლობა ბიჭებს, იმისათვის, რომ ამ პოზიციაზე ვართ და ბრძოლას განვაგრძობთ. ჩვენ „სიტის” მეტისმეტად დაწინაურების საშუალებას არ მივცემთ. მალე (6 მარტს) პირისპირ შევხვდებით ერთმანეთს.

ვიმეორებ, ჩვენ ფარ-ხმალს არ ვყრით, მაგრამ გამარჯვებები ნამდვილად გვჭირდება და „ვესტ ბრომვიჩთან” ფრითაც უკმაყოფილოები ვართ”.

მწვრთნელს მხარი „მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანმა ჰარი მაგუაირმა აუბა. მანაც გაიმეორა, რომ მართალია „სიტი” მათ 7 ქულით უსწრებს და ერთი თამაში მარაგშიც აქვს, მაგრამ დანებებას არ აპირებენ და თავს ჩემპიონობის რეალურ კანდიდატებად მიიჩნევენ.

„ჩვენ შემდეგი თამაში უნდა მოვიგოთ. შემდეგ, მოედანზე უნდა გავიდეთ და მომდევნო მატჩშიც უნდა გავიმარჯვოთ და ასე შემდეგ. „მანჩესტერ სიტი” დღეისათვის ჩინებულ ფორმაშია, დაწინაურდა კიდეც, მაგრამ ჩვენ ყოველ ტურში ვიბრძოლებთ და არ დავნებდებით”.

„ვესტ ბრომვიჩისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრაში ანგარიში „ვესტ ბრომვიჩმა” გახსნა. გოლი სენეგალელმა მბაიე დიაგნემ გაიტანა, ბრუნო ფერნანდეშმა კი 44 წუთზე გაათანაბრა.

სულშერი: „გოლის გაშვების შემდეგ, ორის გასატანად 90 წუთზე მეტი გვქონდა… ბრუნოზე კი რა გითხრათ, საუცხოოდ, ტექნიკურად შეასრულა”.

მაგუაირს ორი გამორჩეული მომენტი ჰქონდა. ერთი, როდესაც VAR-მა ჩათვალა, რომ სემი აჯაის მის წინააღმდეგ წესი არ დაურღვევია და ერთი შეხედვით აშკარა პენალტი არ დაინიშნა და მეორე, როდესაც თამაშის მიწურულს სემ ჯონსტონმა თავური აუღო.

„ბოლოს ჩვენ ვუტევდით, მაგრამ სემმა ჩემი დარტყმული დიდებულად მოიგერია”, — თქვა მაგუაირმა.

და ისევ სულშერი: „პენალტის ეპიზოდში წესის დარღვევა რასაკვირველია იყო, მაგრამ მე მანამდე ჰარი ოფსაიდში დავინახე. ასე რომ, VAR-ის ოთახში ვიღაცას ეძინა”.

„ვესტ ბრომვიჩის” თავკაცი სემ ელერდაისი: „დღეს მე დავინახე გუნდი, რომელიც თამაშს აუმჯობესებს. აი, რისკენ უნდა ისწრაფვოდნენ ამიერიდან ჩემი ბიჭები ყოველდღიურად”.