კევინ დე ბრუინი „მანჩესტერ სიტიში” 2015 წელს „ვოლფსბურგიდან” გადავიდა და „ეტიჰედზე” მსოფლიო კლასის ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ახლა მას შესაძლებლობა ეძლევა „ქალაქელებთან” ფაქტობრივად „საპენსიო” ხელშეკრულება გააფორმოს, მაგრამ არ ჩქარობს.

29 წლის ბელგიელისა და „სიტის” ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლამდეა, კლუბის ბოსებს კი უნდათ, რომ დე ბრუინი მათთან 2025 წლამდე დარჩეს. ცხადია, კონტრაქტის ვადის ასეთ გახანგრძლივებას ხელფასის მნიშვნელოვანი გაზრდაც მოჰყვება.

დე ბრუინის ახლანდელი გასამრჯელო კვირაში 313 ათასი ევროს ტოლია. როგორც გითხარით, „სიტი” ფეხბურთელს ამ თანხის გაზრდას სთავაზობს, მაგრამ „თაიმზის” ცნობით გამთამაშებელს პირველი შეთავაზება არ მოეწონა.

ამავე თემას ეხმიანება „სანი”, რომელიც წერს, რომ კლუბმა ფეხბურთელთან ვაჭრობა კვირაში 360 000 ევროთი დაიწყო. ეს წელიწადში 18,7 მილიონ ევროს უდრის. თითქოსდა, მოთამაშეს მეტი რა უნდა უნდოდეს, მაგრამ ბელგიელი სხვანაირად სჯის:

კევინ დე ბრუინი გასულ სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, შემოსავლით კი… მეოთხე ადგილზეა. მასზე მეტს (წელიწადში 20,3 მილიონ ევროს) იღებენ, არსენალელები მესუთ იოზილი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარის დავიდ დე ხეას ჯამაგირი წელიწადში 21,8 მილიონი ევროს ტოლია.

„დეილი მეილის” ცნობით, „სიტი” და დე ბრუინი კვლავ მიუსხდებიან მოლაპარაკებათა მაგიდას. ყველასთვის ნათელია, რომ კლუბს და ფეხბურთელს თანამშრომლობის გაწყვეტა არ უნდათ.