აი, ამოთქმა რომ გინდა და მთლად ისე ვერ გამოდის, ეგ მომენტია…
არადა, 30 წელი ხუმრობა საქმეა?! „სარბიელი“ უბრალოდ გაზეთი არასოდეს ყოფილა, უბრალოდ სამსახურიც არასოდეს ყოფილა, ცოტა უფრო მეტი იყო…
ცოტა კი არა, ბევრად მეტი იყო – ოჯახი, რომელმაც თუ მიგიღო, აგიტანს და გაგიტანს კიდეც, ეგებ შენიშვნაც მოგცეს, მაგრამ საჭირო დროს რომ გადაგეფარება.
კიდევ ერთი გამოარჩევდა „სარბიელს“: სულ ცხელ-ცხელი ინფორმაციაც რომ მოგეძიებინა, ქართული ენის შერყვნას და გაუბრალოებას არავინ გაპატიებდა. ამ ქართულს კი დარაჯებად დღემდე ისეთი ბიჭები უდგანან, ჟურნალისტების რამდენიმე თაობა რომ დააკვალიანეს.
ჰმ, ბიჭები მეთქი და ეს ერთმანეთისთვის, თორემ ნახევარსაუკუნოვანი ბარიერის ორივე მხარეს თმაშევერცხლილი ბიძების კრებული უფრო დგას.
აღმოჩნდა, რომ არც „სარბიელი“ გაგვნელებია, არც მოგვირისტებული ქართული და არც ერთმანეთი… ამ ყველაფრით იქნება გაჯერებული „სარბიელის“ ხვალინდელი, საიუბილეო-საკოლექციო ნომერი.
დამოუკიდებელი ქართული სპორტის ყველაზე სამახსოვრო მომენტები, მოლოცვები და დალოცვები კლასიკურმა 16-მა გვერდმა ვერ დაიტია. 28 დეკემბრის ნომერი 32-გვერდიანია. ამის მიუხედავად, ფასი ძველებურ-სიმბოლური დარჩა – 50 თეთრი. მოგვიკითხეთ პრესის გავრცელების ნებისმიერ წერტილში.
დიდი მადლობა, რომ ჩვენს გვერდით ხართ! დიდი მადლობა ყურადღებისთვის, სითბოსთვის, ულევი სიყვარულისთვის! იმ სიყვარულისთვის, რომელსაც დღეს, 11 წლის შემდეგაც, თითოეული სარბიელელი თქვენგან ვგრძნობთ.
გმადლობთ ყველაფრისთვის!
იმედია, ისიამოვნებთ…