კატალონიური პრესის ცნობით ლუის სუარესის მომავალი „ბარსელონას” ახალი მწვრთნელის როლანდ კუმანის ხელში ნათელი არ არის. ჰოლანდიელმა გუნდის განახლებაზე ილაპარაკა და როდესაც თავდასხმის ხაზს შეეხო, „ლიონიდან” მისი თანამემამულის მემფის დეპაის ყიდვაზე გაამახვილა ყურადღება.
გასულ კვირაში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „ბაიერნთან” 2:8 განადგურების შემდეგ, ურუგვაელ ფორვარდზე ათასნაირად დაიწყეს ლაპარაკი, მან კი სოციალურ ქსელში ასეთი რამ დაწერა: „არასდროს დაგავიწყდეს, რომ შენი ბედის არქიტექტორი თავად ხარ”.
33 წლის სუარესი „ბარსელონაში” ექვსი სეზონია რაც თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან 283 შეხვედრაში 198 გოლი გაიტანა. კონტრაქტის თანახმად, სუარესმა „კამპ ნოუზე” ერთი წელიც უნდა დაჰყოს, მაგრამ არის ერთი პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ ის მომდევნო სეზონის განმავლობაში იქ ჩაწერილი რაოდენობის თამაშებს ჩაატარებს, მაშინ თანამშრომლობა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.
ბოლო ხანს ითქვა, რომ სუარესი შესაძლოა „აიაქსში” დაბრუნდეს, სადაც 2007-11 წლებში თამაშობდა. მისი ყიდვით ასევე დაინტერესებულები არიან „ინტერი” და „იუვენტუსი”.





