„მანჩესტერ სიტიში” ნათამაშებ დედრიკ ბოიატას covid 19 სულ დაავიწყდა, გავარდა და თანაგუნდელს აკოცა. ფეხბურთელი, რომელსაც ბოიატამ აკოცა, არის მარკო გრუჯიჩი. ის „ლივერპულის” საკუთრებაა, მაგრამ მერსისაიდელები იჯარით სულ სხვადასხვა გუნდებში უშვებენ. და მაინც, თუ ამ კოცნის გამო განახლებულ ბუნდესლიგაში კორონავირუსი გავრცელდება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გერმანელებს ქვეყნის ჩემპიონატში პრემიერლიგის კლასტერი ჰქონიათ.

ბოიატას და გრუჯიჩის „ჰერტამ” განახლებული ბუნდესლიგის პირველ მატჩში „ჰოფენჰაიმს” მოუგო 3:0.

როგორ დასჯიან ამ გაუფრთხილებლობისთვის ბელგიელს? „ჰერტას” ახალმა მწვრთნელმა, წარსულში თავადაც ბუნდესლიგის ფეხბურთელმა ბრუნო ლაბადიამ თქვა, რომ საკუთრივ კლუბი მას საერთოდ არ დასჯის:

„იმედი მაქვს, რომ ხალხი ბოიატას საქციელს გაიგებს. ბოლოს და ბოლოს, ემოციის დისტანციაზე გამოხატვა მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციაა. ჩვენ, მთელს გუნდს, ექვსჯერ ჩაგვიტარეს ტესტი, სულ ბოლოს გუშინ, და ექვსივეჯერ უარყოფითი შედეგი გვქონდა”.

ბუნდესლიგის ფეხბურთელები გვირაბებიდან პირბადეებით გამოდიოდნენ, თამაშის წინ ერთმანეთისთვის ხელი არ ჩამოურთმევიათ და არც გოლების შემდეგ მოუწყვიათ გუნდური ზეიმები.

ისე, დედრიკ ბოიატას არ-დასჯა ცოტა უცნაური იქნება იმ ფონზე, რომ „აუგსბურგის” ბოსი ჰაიკო ჰერლიხი სასტუმროდან მაღაზიაში ჩასვლისა და კბილის პასტის შეძენის გამო დააჯარიმეს.

ბოიატასავით დასასჯელია (ან არ არის დასასჯელი) ლეგენდარული ლილიან ტურამის ვაჟი მარკუსი, რომელიც „მოინხელგლადბახში” თამაშობს და „აინტრახტის” კარში გოლი შეაგდო. მან, როგორც ეკრანზე გამოჩნდა, ამ გოლის შემდეგ თანაგუნდელს თითქოს აკოცა.

„მიონხენგლადბახმა” „აინტრახტს” სტუმრად მოუგო 3:1.

ბუნდესლიგაში ფეხბურთელებს შორის კონტაქტი, თუ ეს სათამაშო ორთაბრძოლა არ არის, არ შეიძლება.

სათადარიგოთა სკამზე გუნდების მწვრთნელები და ფეხბურთელები ორმეტრიანი დისტანციით სხედან.

არადა, ზუსტად ამ დღეს, ინგლისში, „უოტფორდის” მწვრთნელმა ნაიჯელ პირსონმა ასეთი რამ განაცხადა: „ხალხი უდიდეს საშიშროებაზე ხუჭავს თვალს. ღმერთმა ნუ ქნას, პრემიერლიგაში ვინმე მოგვიკვდეს”.

მოგეხსენებათ, პრემიერლიგა ივნისის შუაში აპირებს შეწყვეტილი ჩემპიონატის გაგრძელებას.