ოცნება დაუმარცხებელი სეზონის შესახებ დაიმსხვრა. ახლა იურგენ კლოპი აცხადებს, რომ მისი გუნდი არ გატყდება და დასახულ მიზნებს ახალი ძალით შეუტევვს.

თუკი ვინმემ „ლივერპულის” „უოტფორდთან” 0:3 წაგებით გაიხარა, „არსენალის” ფანები არიან. მიზეზი: პრემიერლიგაში, დაუმარცხებელი ჩემპიონები მხოლოდ არსენ ვენგერის „მეთოფეები” (2003-04) იყვნენ და ასეთად რჩებიან. თან, წაგებაც არის და წაგებაც: 0:3 გუნდთან, რომელიც გავარდნის საშიშროების წინაშე დგას, გვარიანად უსიამოვნო შედეგია.

სიხარული ვერც „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ გარი ნევილმა დამალა, კლოპმა კი თქვა:

„ვიცი, ხალხი დაიწყებს ლაპარაკს, რომ ჩვენ პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდი ვერ გავხდით, მაგრამ გარწმუნებთ, შემდგომ ტურსა და მას მოყოლებულ სხვა შეხვედრებში კვლავ გავიმარჯვებთ. ბიჭებმა უკვე იმდენი რეკორდი დაამყარეს, რომ მეტი აღარც კი უნდოდათ. სიხარბე საჭირო არ არის.

ერთადერთი, რაც მაწუხებს ის არის, რომ რეკორდების დამყარებას კარგად თამაში უნდა, ჩვენ კი დღეს კარგად ვერ ვითამაშეთ.

მარათონის დროს, რეკორდებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ამყარებ თუ ყოველ ნაბიჯზე 100 პრიცენტით ხარ მობილიზებული.

500 წლის შემდეგ, როდესაც დღევანდელ დღეს გავიხსენებთ, ვიტყვით, რომ „ლივერპულს” „არსენალის” შედეგის გამეორებამდე ცოტა დააკლდა, მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებს. ისედაც ხომ ცხადი იყო, რომ ადრე თუ გვიან დავმარცხდებოდით. ისე არ გამიგოთ, რომ ამ დამარცხებას მოუთმენლად ველოდით, მაგრამ პირადად მე ვიცოდი, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა.

„უოტფორდთან” წაგება, რასაკვირველია ყურადსაღებია. ჩვენ ხომ აქამდე ძალიან ბევრი მოვიგეთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ის, რაც ჩვენ შეგვემთხვა, მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს კატასტროფადაც არ მიმაჩნია”.

სტატისტიკა ასეთია: „ლივერპულმა” „უოტფორდთან” დამარცხებამდე, პრემიერლიგაში 44 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა. „არსენალს”, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, 2003-04 წლების სეზონში 49 წაუგებელი შეხვედრა უმშვენებდა შედეგთა წიგნს.

კლოპი: „ამწუთას, ყველაზე საშურ საქმედ „უოტფორდისთვის” მილოცვა მიმაჩნია. ამ გუნდმა დამსახურებულად გაიმარჯვა და ვფიქრობ, ჰედლაინებში ყოფნას სწორედ ის იმსახურებს.

ჩვენს წინააღმდეგ, მთელი სეზონის განმავლობაში ყველა გიჟივით თამაშობდა. ჩვენც ყველას გიჟებივით ვეთამაშებოდით. რა შემიძლია ვთქვა? ვერ უნდა შევეგუო ამ დამარცხებას?

ვგრძნობთ წაგების სიმწარეს. სრულიად საწინააღმდეგო რამეს ველოდით და სრულიად საწინააღმდეგო რამ მოხდა. ახლა, შანსი გვეძლევა ყველას ვაჩვენოთ, რომ ასეთ შემთხვევებზე სწორად ვრეაგირებთ.

მართალი გითხრათ, ამ წაგებამ ჩემს ფეხბურთელებზე შეიძლება დადებითად იმოქმედოს. ამიერიდან რეკორდზე კი არ ვიფიქრებთ, ისევ ფეხბურთს ვითამაშებთ”.