სამყაროში არსებობს გვარები, რომელიც სპორტთან მუდმივადაა გადაჯაჭვული. მაგალითად, გერმანიის ნაკრები მიულერების გარეშე იგივეა, რაც უკოფეინო ყავა ან ლუდი ალკოჰოლის გარეშე. მავანთ, შესაძლოა, მოსწონთ კიდეც, გემოვნების ამბავია.

მიულერს თუ ვახსენებთ, სახელი აუცილებლად უნდა დავაკონრეტოთ, თორემ მსმენელს თვალწინ ერთნაირი წარმატებით ოთხი ვარიანტი შეიძლება წარმოუდგეს. აი, ნაპოლეონის ხსენებისას, ბონაპარტის ან პირველის დაყოლება არ გვჭირდება, როგორც გალაკტიონზე ტაბიძის ან ფერგიუსონზე – ალექსის, მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონ მესამეც არსებობდა, ტიციან ტაბიძეც და დანკან ფერგიუსონიც.

სერ ალექსი

მანჩესტერის ქომაგებს, ვინმე ერთი კონკრეტულისთვის უკვდავების მინიჭება რომ შეეძლოთ, დარწმუნებული ვარ, ეს ფერგიუსონი იქნებოდა. შოტლანდიელი წარმატების ფორმულაა, რომელიც როგორც მეოცე, ისე ოცდამეერთე საუკუნეებში ერთნაირი წარმატებით მუშაობდა. საფეხბურთო სამყაროს გიგანტი „ოცნებათა თეატრის“ სავარძელში იჯდა და ფეხბურთელებს ისე თამაშს სთხოვდა, რომ სავარძელში გაოცებისგან კმაყოფილს ჩაღიმებოდა.

„ტოტენჰემთან“ თამაშის წინ, ფერგისგან გრძელი და დამღლელი ლექციის მოლოდინში როი კინი, სხვა მოთამაშეებთან ერთად, უგუნებოდ იყო. ეს ყველაზე უკეთ შოტლანდიელს ესმოდა, რომელმაც ფეხბურთელებს მხოლოდ ერთი გენიალური ფრაზით მიმართა: „ბიჭებო, ეს ხომ „ტოტენჰემია“. პირველი ტაიმის 0:3 ხომ მანჩესტერმა შესვენების შემდეგ სათავისო 5:3-ით შეაბრუნა.

ირლანდიელმა ეს ავტობიოგრაფიულ წიგნში „მეორე ტაიმი“ დაწერა…

დანკან ფერგიუსონი

„ევერტონის“ გულშემატკივრების ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელი. აი, გუნდი და ფეხბურთელი ერთმანეთს რომ უხდება, „Big Dunc“-სა და „ტკბილეულების“ შემთხვევა სწორედ ასეთი იყო.

ეს შოტლანდიური ტემპერამენტი კიდევ სხვაა, მას სტადიონები შეუძლია ააღელვოს. სერ ალექსი გაბრაზდა და ბექემს ბუცი ესროლა. დანკან ფერგიუსონი გაბრაზდა და… არა, ის არც არასდროს დამშვიდებულა.

„ევერტონიდან“ ორი სეზონით ნიუკასლში წავიდა, თუმცა მიხვდა რომ მისი ადგილი მერსისაიდზე იყო, ჯერ როგორც ფეხბურთელი დაბრუნდა, ახლა კი მწვრთნელად მუშაობს.

ტონი ფერგიუსონი

სისხლი და ფერგიუსონი განუყოფელი ნაწილია. მასზე მრავალმხრივი მებრძოლი UFC-ში შეიძლება არც არავინ იყოს. დისტანციაზე, დგომი, პარტერში – ის ყველგან ძალიან მაგარია. DC-ის კომიქსის ჯოკერი, შესაძლოა თანამედროვე სამყაროში ტონი ფერგიუსონი იყოს. შეშლილ ლათინოსს ყველაზე მეტად სისხლი უყვარს, არ აქვს მნიშვნელობა ეს მისია თუ მოწინააღმდეგის, იცინის და დამანგრეველი შეტევისთვის ემზადება. მას სჯერა, რომ სამყარო ერთი დიდი შეთქმულების თეორიაა, რომლითაც ცდილობენ თავ-გზა აგვირიონ. ფსიქიატრიულშიც ბევრჯერ მოხვდა, თუმცა დიდოსტატი ცოტა გიჟიც რომ არ იყოს, რთული წარმოსადგენია.

მართალია მისი ნამდვილი გვარი ფერგიუსონი არ არის და ის მამინაცვლისგან ერგო, მაგრამ ნათლია რომ მის ნაწილს ბავშვს დაანთლებს, ჩვენც საქმე დაახლოებით ასეთ შემთხვევასთან გვაქვს.

ეს ფერგიუსონები აზვირთებულ ზღვას ჰგვანან, უმწეო ნაპირს მათ წინააღმდეგ არაფრის გაკეთება რომ არ შეუძლია…