ნოვაკ ჯოკოვიჩი – სერბეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია. ისე, რატომ მხოლოდ სამშობლოში? მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს ხომ თაყვანისმცემლები მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს და მათ შორის საქართველოშიც.
ნოლე საჩოგბურთო ოსტატობას ურთულეს პერიოდში ეუფლებოდა. იმ დროს ბელგრადის თავზე ბომბები ცვიოდა. სპორტისთვის არავის ცხელოდა, სერბეთში ომი მძვინვარებდა. წარსულზე და ბავშვობაში გადატანილ სტრესზე ჯოკოვიჩს არაერთ ინტერვიუში უსაუბრია…
ყველა წარმატებული სპორტსმენის უკან დაუღალავი შრომის და მწვრთნელების გარჯის გარდა მშობლები დგანან. გამორიცხულია, მათი ძალისხმევის გარეშე, მით უფრო ჩოგბურთში, უმაღლესი მწვერვალები დაიპყრო. ჯოკოვიჩმა ჩოგბურთში ყველაფერი მოიგო, გარდა ერთისა – ჯერჯერობით ის ოლიმპიური ჩემპიონი ვერ გახდა. ოდენ ბრინჯაოს მედალი აქვს (2008, პეკინი), თუმცა გაისად ტოკიოში ამის კიდევ ერთი შანსი მიეცემა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემების 16-გზის ჩემპიონია, ხოლო კარიერაში 75 ტიტული მოუხვეჭავს. 2012 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი რაფაელ ნადალთან მეიჯორების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა, რომელშიც სერბმა იმარჯვა, ხოლო წლევანდელი უიმბლდინის ფინალი როჯერ ფედრერთან ნამდვილი საოცრება გახლდათ.
აქ კი უფროსი ჯოკოვიჩის ანუ მამამისის მიერ ერთ ფრიად საინტერესო და ნიშანდობლივ კომენტარზე გვინდოდა ყურადღების გამახვილება, რომელიც თვლის, რომ მისი შვილი ფედერერის მიღწევებს დაამხობს.
„უიმბლდონზე გამარჯვებამ უდიდესი სიხარული მოგვგვარა, მაგრამ ეს ჯერ საქმის ნახევარია. ვფიქრობ, ნოვაკი აქ კიდევ მინიმუმ 5-ჯერ იჩემპიონებს. მან უკვე ისედაც ბევრს მიაღწია და მთელი ქვეყანა ამაყობს, მაგრამ კარიერის ბოლოს, რომელიც კიდევ რამდენიმე წელიწადს აუცილებლად გაგრძელდება, ფედერერის რეკორდები დამხობილი უნდა ჰქონდეს. ეს კი უიმბლდონის მინიმუმ 10 მოგების გარეშე რ გამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოლექციაში დიდი სლემების 20-ზე მეტი თასი დაუგროვდება,“ – ამბობს უფროსი ჯოკოვიჩი.
სურვილი ერთია, მისი შესრულება – მეორე, თუმცა როდესაც ნოვაკ ჯოკოვიჩზე ვსაუბრობთ, არაფერია გამორიცხული.





