პროფესიონალურ კრივს არაერთი სახელოვანი და დაუმარცხებელი მოჩხუბარი ჰყოლია, მხოლოდ მაიკ ტაისონის ან ფლოიდ მეივეზერის ხსენება რად ღირს. უპრიანი იქნება თუ მათ რიცხვში მენი პიკაიოსაც ჩავწერთ. ის თანამედროვე  პროფესიონალური კრივის მართლაც რომ გამორჩეული წარმომადგენელია. ისე, რაღა თანამედროვეობის, ფილიპინელი სპორტსმენი ხომ უკვე 40 წლის გახლავთ და რინგზე მუშტების ქნევა პროფესიად გასულ საუკუნეში გაიხადა.

მოკლედ, მენი პიკაიო საშუალო წონაში, WBA-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონია. ლას-ვეგასში, პირთამდე გადაჭედილ დარბაზში მან ამერიკელი კიტა ტურმანი გალახა. გალახაო კი ვამბობთ, მაგრამ საქმე არც ისე ყოფილა, ფილიპინელს აშკარა უპირატესობა ჰქონოდა ან მოწინააღმდეგე ისეთ ნოკდაუნში გაეშვა, ფეხზე ვერ ამდგარიყო. მართალია, პიკაიომ ტურმანი პირველივე რაუნდში დააგდო, მაგრამ ამერიკელი მალევე წამოდგა და მრისხანე მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ბრძოლა 12 რაუნდს გაგრძელდა.

საბოლოოდ, მსაჯების გადაწყვეტილებით პიკაიომ ტურმანი 114:113, 112:115, 115:112 დაამარცხა და ისტორიაში მეხუთე ყველაზე ასაკოვანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 30 წლის ტურმანისთვის, რომელსაც კარიერაში ამდენივე ბრძოლა გაუმართავს, ეს პირველი მარცხი იყო.

მენი პიკაიომ ჩემპიონის ტიტულთან ერთად 10 მილიონი დოლარიც გამოიმუშავა, დამარცხებულს – 2.5 მილიონი ერგო.

ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ მენი პიკაიომ თავის შესანიშნავ კარიერაში 62-ე გამარჯვება მოიპოვა.

წილი
წინა სტატიამესი: ბოდიში!
შემდეგი სტატიაისტორიული ხელფასის ზღვარზე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...