— ლეო მესისთან პაექრობა ხომ არ გენატრებთ? — ჰკითხეს „გაძეტა დელო სპორტისა” და „კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტებმა კრიშტიანუ რონალდუს.

„ცოტათი ალბათ მენატრება, — უპასუხა მან, — კარიერის განმავლობაში მე ვთამაშობდი პორტუგალიაში, ინგლისში, ესპანეთში, ახლა იტალიაში ვარ. ის კი ესპანეთიდან არ გასულა. ასე რომ შესაძლებელია მას უფრო ვჭირდები მე, ვიდრე მე ის.

ჩემთვის ცხოვრება გამოწვევაა. მიყვარს სირთულეები და ბედნიერი ვარ, როდესაც ჩემსას ვაღწევ. თუკი ერთ მშვენიერ დღეს მესი იტალიაში ჩამოვა, ძალიან გამიხარდება. კარგი იქნება გამოწვევას თუ მიიღებს, თუმცა თუკი ესპანეთში თავს ბედნიერად გრძნობს, მე მის პოზიციას პატივს ვცემ.

მესი დიდი ფეხბურთელი და პიროვნებაა, მაგრამ იტალიაში არაფერი მაკლია. აქ ახალი ცხოვრება მაქვს, თავს ბედნიერად ბგრძნობ”.

შემდეგ რონალდუს „ოქროს ბურთზე” ჰკითხეს.

„ვფიქრობ, ამ ჯილდოს ყოველ წელიწადს ვიმსახურებ. მე მის მოსაპოვებლად ბევრს ვმუშაობ. მართალია, წლეულს არ დამაჯილდოეს, მაგრამ ეს ქვეყნიერებს დასასრული არ არის. მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.

მოედანზე ძალ-ღონეს არ ვიშურებ და ამას სტატისტიკა ადასტურებს. მეორე მხრივ, იმის გამო, რომ „ოქროს ბურთი” ვერ მივიღე, ნაკლებად ბედნიერი სულაც არ ვარ. მყავს საუცხოო მეგობრები და დიდებული ოჯახი. ვთამაშობ ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში… როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის პატრონი ტირილს დავიწყებ? რასაკვირველია, რომ ვერ გავიმარჯვე გული დამწყდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. მომავალში კიდევ უფო მეტი მონდომებით გავაგრძელებ მუშაობას.

მოდრიჩს კი ვულოცავ. ის დაფასებას იმსახურებდა, მაგრამ ჩვენ გაისად კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ყველა ღონეს ვიხმარ საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ისევ რომ მოვიგო”.

— მოიგებს „იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგას?

„ჩემპიონთა ლიგის მოგება აკვიატებულ იდეად არ უნდა გვექცეს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს”.

— „იუვენტუსს” როგორ შეეჩვიეთ?

„ვფიქრობ, ეს ფეხბურთელთა საუკეთესო ჯგუფია, რომელთანაც მითამაშია. ჩვენ აქ შეკრული გუნდი ვართ, სხვა გუნდებში კი ფეხბურთელების ნაწილს თავი სხვებზე დიდი ჰგონიათ. „იუვენტუსში” ყველა თანაბარი და თავმდაბალია, ყველა გამარჯვებისთვის იბრძვის.

მაგალითად, თუკი დიბალა და მანჯუკიჩი თვითონ ვერ გაიტანენ, მაინც კმაყოფილები არიან და იღიმებიან. ასეთ განსხვავებულ გარემოში მოხვედრა ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. „რეალშიც” ყველა საერთო საქმეს ემსახურება, მაგრამ ტურინში ეს უფრო აშკარად იგრძნობა. აქაურობა მადრიდისგან ძალიან განსხვავდება. აქ ოჯახია”.