არასოდეს მიყვარდა საფეხბურთო მატჩის წუთობრივი აღწერა – არც როგოც მკითხველს და არც როგორც ფეხბურთზე მწერალს. ერთია, რომ ქრონიკული ინტერნეტიზაციის ეპოქაში მხოლოდ სურვილი კმარა ნებისმიერი მატჩის სანახავად. მეორე, რომ ვერანაირი სიტყვის მარაგი ვერ გადმოსცემს სრულფასოვნად თუნდაც ყველაზე უჯიგრო თამაშის ატმოსფეროს. არადა, დღეს მართლა ჯიგრიანი ბურთაობა იყო.

ბათუმის ანგისას სტადიონმა და ზოგადად აჭარის მთავარქალაქმა პირველად უმასპინძლა საქართველოს თასის ფინალს. ერთმანეთის პირისპირ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართული გუნდი “ტორპედო” და “ლიგა 2”-ს წარმომადგენელი “გაგრა” იდგნენ. აქამდე ეს გუნდები სულ ხუთჯერ შეხვედროდნენ ერთმანეთს და გაგრელებს ოდენ ერთხელ ემარჯვათ. არადა, ის ერთი სხვა ოთხზე ფასეული იყო – 2011 წელს “გაგრამ” თასის ფინალში დაამარცხა ქუთათურები და ევროტურნირებიც დააჭაშნიკა.

დღევანდელ შეხვედრაშიც ახლოს იყვნენ გაგრელები თასთან და ევროპასთან. ანგარიშში 2:0 დაწინაურების შემდეგ სასურველი შედეგი ხელის გაწვდენაზე მოსჩანს და უშეცდომო თამაშიღაა საჭირო. თუმცა, სათქმელადაა იოლი უშეცდომოდ თამაში – ბათუმის ცამ პირი მოხსნა და თავსხმით გაუმასპინძლდა ფინალისტებს. ასეა თუ ისე, იმერლების თავდადებამ შედეგი გამოიღო და საფინალო სასტვენამდე ორ გოლად დაკონვერტირდა. მერე იყო კაცნაკლული “ტირპედოს” სწორად შერჩეული სტრატეგია, უგოლო დამატებითი დრო, პენალტების სერია და მატჩის გმირად ქცეული როინ კვასხვაძე.

მე რომ მკითხოთ, ფინალის შედეგი ლოგიკური იყო, თუმცა გაგრელთა თავდადება და ფინალამდე განვლილი გზა მხოლოდ აღტაცებას იმსახურებს. “ტორპედო” უკვე ევროპაშია და შეიძლება მისი წყალობით გაისად ზემოიმერულმა “ჩიხურამაც” მოიევროპოს.

წილი
წინა სტატიასაგიჟეთი არგენტინაში
შემდეგი სტატიატრამპი, მეი, პუტინი და არგენტინელი იდიოტები
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".