ერთა ლიგი ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს ნაკრები უკეთეს შედეგს ვერც ინატრებდა. ჩვენებმა ხომ ჯგუფი ათქულიანი უპირატესობით მოიგეს და ამასთან, D დივიზიონის ოთხ ჯგუფის საუკეთესო პირველადგილოსანი გახდა.

თორნიკე ოქრიაშვილმა რამდენიმე ბელორუსი მცველი გააბითურა და მოხდენილი გოლი გაიტანა

ამ შედეგეით შედგა კიდეც ნახევარფინალური წყვილები: საქართველო შინ ბელარუსს შეხვდება, მაკედონია – კოსოვოს. ეს მატჩები და ფინალიც 2020 წლის მარტში გაიმართება.
16 თვის მერე როგორი იქნება ბელარუსის ნაკრები, არავინ იცის, მაგრამ დღეს რას წარმოადგენს, აგერ, გეტყვით და ცოტასაც წარსულში გადავუხვევთ.

ჯერ მწვრთნელზე. იგორ კრიუშენკო ხუთი წელი მუშაობდა „ბატეში“, რომელიც ბელარუსის საკლუბო ფლაგმანია. იური პუნტუსის ასისტენტი იყო იმ დროს, როცა გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა „დინამომ“ გამოთიშა (3:2, 1:0) და მერე ჩვენებმა ორი ეტაპიც რომ გაიარეს უეფას ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ. კრიუშენკო უკვე მთავარი მწვრთნელი იყო იმ „ბატეს“, რომელმაც ნახევრად დაშლილ ქუთაისის „ტორპედოს“ სძლია (5:0, 1:0).

ვაისი-კრიუშენკოს დაპირისპირება შარშან ამ დროს ქუთაისში შედგა. ამხანაგური თამაში იყო და 2:2 დასრულდა. საქართველო ჯერ აგებდა, მერე ირაკლი სიხარულიძისა და ლაშა დვალის გოლებით იგებდა, საბოლოოდ კი ერთი კიდევ გაუშვა.

ადრე, ევრო 2012-ის შესარჩევში კი წაგება-მოგება გაიცვალა. თბილისში თემურ ქეცბაიას გუნდმა 1:0 მოიგო თორნიკე ოქრიაშვილის ულამაზესი გოლით, ხოლო მინსკში ქართველებმა 0:2 წააგეს. ისე, დღევანდელისგან განსხვავებული იყო მაშინდელი საქართველოს ნაკრები – მკვეთრად დაცვით ფეხბურთს თამაშობდა.

ბელარუსი, საქართველოსი არ იყოს, არასოდეს ყოფილა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე. ისინიც ხსნას ერთა ლიგისგან ელიან.

„თეთრმა რუსებმა“ ერთა ლიგის 6 მატჩიდან 4 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, 10-ჯერ გაიტანეს და გოლი არ გაუშვიათ! მხოლოდ მოლდოვასთან დაკარგეს ქულები, ორივეჯერ 0:0. ჩვენსავით განსაკუთრებული პრობლემები ჰქონიათ მოლდოველებთან.

გამოვარჩევდით „ბატეს“ შემტევ ნახევარმცველ სტანისლავ დრაჰუნსა და ბელგიური „ლოკერენის“ თავდამსხმელ ანტონ საროკას. მეტწილად, სწორედ მათ გაიტანეს გოლები ერთა ლიგაში. აღარ ჰყავთ ალექსანდრე გლებთან მიახლოებული დონის ფეხბურთელიც კი… ნაკრებში „ბატედან“ ბევრი ფეხბურთელია. ლეგიონერებიდან კი, საროკას გარდა, გამოირჩევიან „კრასნოდარის“ მცველი და ნაკრების კაპიტანი ალექსანდრ მარტინოვიჩი, ყაზახური „ასტანას“ საყრდენი ივან მაიევსკი.

ბელარუსის ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სახე (თუ არა ერთადერთი) არის „ბატე“. გუნდი, რომელიც ყოველწლიურად ან ჩემპიონთა ლიგის, ან ევროპა ლიგის ჯგუფშია.

კიდევ ერთი: რა მოხდება, თუ საქართველო ფინალში კოსოვოს შეხვდება და მატჩი შინ მოგვიწევს? ამ კითხვას ხშირად სვამენ. არაფერი განსაკუთრებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს, გამონაკლისი დაიშვება ქვეყანაში შესასვლელ ვიზებზე. ასე იყო ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, რომელიც თბილისში გაიმართა. მაშინ თბილისში კოსოვოელებიც იყვნენ. კოსოვოს არც აზერბაიჯანი აღიარებს, მაგრამ შემოდგომაზე ბაქოში ათამაშეს.

ერთიც: ეგებ ერთა ლიგის ნახევარფინალი აღარც გახდეს საჭირო და ჩვენმა ნაკრებმა ევრო 2020 -ზე თამაშის უფლება შესარჩევი ეტაპიდან მოიპოვოს… ასეთ შემთხვევაში საქართველო-ბელარუსი აღარ იქნება… საქართველოს ნაცვლად კი ბელარუსს ყაზახეთში სტუმრობა მოუწევს…