რონალდუს ბიუსტი მადეირას აეროპორტში

კაზუსები და უცნაურობები მარტო ჩვენში არ ხდება. აი, წლეულს მარტში პორტუგალიის კუნძულ მადეირას აეროპორტს იქაურობის ყველაზე გამოჩენილი მკვიდრის, კრიშტიანუ რონალდუს სახელი უწოდეს და შენობაში მისი ბიუსტიც დადგეს. თუმცა, ნაკეთობა ისეთი უგვანი და უგემოვნო გამოვიდა, რომ სოციალურ ქსელებში მთელი მსოფლიოს დასაცინი გახდა.

მერე აღმოჩნდა, რომ ბიუსტი აეროპორტის ყოფილ დამლაგებელ, 40 წლის მანუელ სანტუშს 15 დღეში გაუკეთებია და ერთობ კმაყოფილიც დარჩენილა თავისი ნამუშევრით. იმასაც ამტკიცებდა – ბიუსტი ძალიან მოწონათ თავად რონალდუს, დედამისს და აეროპორტის უფროსობასო…

მოკლედ, რვა თვე გავიდა და ეს ამბავი ყველას მიავიწყდა, დღეს კი მსოფლიოს სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მადრიდის „რეალის“ მუზეუმში რონალდუს ახალი ბიუსტი წარადგინეს, სკულპტორი 52 წლის სევილიელი ხოსე ანტონიო ნავარო არტეაგა გახლავთ.

რონალდუს ბიუსტი „რეალის“ მუზეუმში

„მუშაობისას კრიშტიანუს რამდენიმე ფოტო გამოვიყენე, რადგან ის ძალიან დაკავებულია და ცოცხლად მისი პოზირება შეუძლებელია. ვცდილობდი ის პათოსი გადმომეცა, როცა  საჯარიმოს დასარტყმელად ემზადება. ამ დროს შესანიშნავად ჩანს ხოლმე მთელი მისი შინაგანი ძლიერება,“ – თქვა ხელოვანმა.

ახალი სკულპტურით „რეალის“ ქომაგებიც კმაყოფილნი დარჩნენ. მაგალითად, ვინმე ხოსე როდრიგესმა თავის „ტვიტერში“ დაწერა: „როგორც იქნა, ვნახეთ ბიუსტი, რომელიც მართლა ჰგავს რონალდუს. წინა რაღაც საშინელება იყო. ეს კი მას უფრო ლამაზად წარმოაჩენს ვიდრე რეალურ ცხოვრებაშია.“

სეხიო გონსალესი: „რა კარგი ნამუშევარია. ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია.“

კრიშტიანუ თავად ვერ დაესწრო ბიუსტის გახსნას და ღონისძიების გაძღოლა „რეალის“ კიდევ ერთმა ლეგენდამ, ემილიო ბუტრაგენიომ ითავა.

წილი
წინა სტატია34!
შემდეგი სტატიაგოლი, რომელიც მატჩის დაწყებამდე ვნახე
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.