ჯაბა კანკავა ყაზახეთში წავიდა სათამაშოდ… დამენანა… იქამდე ვაკო ყაზაიშვილი დამენანა ამერიკისთვის… „შალკეს“ მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ზურა ხიზანიშვილს ალბანეთში რომ ჩამოაკითხა, ჩვენიანი იგლი ტარესთან ვერაფერს გახდა, რანგნიკი კი მეორე ტაიმს არ დაელოდა, მაშინაც გული დამწყდა… ბოლოს და ბოლოს, კობიაშვილი რომ ული ჰიონესმა შინ მიიწვია და „ბაიერნი“ შესთავაზა, ამან კი ვერ გარისკა, გული შემიწუხდა…

ხშირად ერთი არასწორი ნაბიჯიც კი სრულებით ცვლის მომავალს. ასეთი შეცდომები მწვრთნელების შერჩევისას და მათთან ურთიერთობისასაც გვაქვს დაშვებული. უკვე რამდენჯერ…

2006 წელს საქართველოს ნაკრებს სათავეში კლაუს ტოპმიოლერი ჩაუდგა. მანამდე გერმანიაში წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარებული სპეციალისტის კვალიფიკაციაში ეჭვს ვინ შეიტანდა, მაგრამ ფედერაციის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ (სხვა დროს სალაპარაკო მიზეზთა გამო) არ დააცადა. მალტის ტურნირი მისი დებიუტი იყო. მეც ვახლდი გუნდს. მოლდოვასთან თამაშისას მე და ჰერ კლაუსის თანაშემწე კობა ჟორჟიკაშვილი ერთად ვისხედით. კობამ მითხრა, ჯარიმა თუ დაინიშნება, მარჯვენა ფლანგიდან კობიაშვილმა უნდა ჩააწოდოს და შორეულ ძელთან ბურთს კანკავა დახვდესო. ფურცელზეც დამიხატა. ჯარიმა მოედნის ცენტრთან ახლოს პირველივე ტაიმში დაინიშნა. მარჯვენა ფლანგზე. კობიმ ჩააწოდა შორეულ ძელთან. ჯაბამ თავური უთავაზა და გავიტანეთ! ზუსტად ისე, როგორც ჟორჟიკაშვილმა მატჩის დაწყებამდე დამიხატა… სულ მგონია, რომ არ აცადეს ტოპმიოლერს და დააძალეს პატარა ბიჭები, რომლებმაც დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშეს, მარტო კობიაშვილმა, ხიზანიშვილმა და კანკავამ კი ნაკრები ვეღარ გაქაჩეს… ან დიდი ხელფასის სანაცვლო ხარკი იყო, ანაც მეტისმეტი წნეხი. ფაქტია: კარგ მწვრთნელთან ერთად ორი წელი უბრალოდ დავკარგეთ.

სად ჯიჯი ბუფონი და სად საქართველოს ნაკრებიო?! სპორტსმენის კარიერა მხოლოდ ნიჭი არ არის – ან საკუთარი ალღოთი, ანაც უნარიანი მენეჯერით უნდა მართოს კარიერა. ლეგენდარულ ჯიჯი ბუფონსაც კი აკრიტიკებენ, ნაკრებიდან რად მიდიხარ, თუ კლუბში თამაში შეგიძლიაო?! ქართულ ფეხბურთში რაღად უნდა გაგვიკვირდეს თუ არასწორი გადაწყვეტილება ფეხბურთელის, კლუბის ან ნაკრების ბედს წყვეტს?!

მერე სხვებზე და ცუდ მენეჯმენტზე კიდევ ვთქვათ.

წილი
წინა სტატიაცხვირი გავს? გავს…
შემდეგი სტატიატორპედო, დეიმატე მაგი !
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".