Su Telecaprisport il ritorno di Paolo Del Genio: trasmissione speciale alla  vigilia di Napoli-Juventus
პაოლო დელ ჯენიო

მიუხედავად იმისა, რომ „სალერნიტანას” ბოლოწამს გატანილი გოლის წყალობით მოუგო, „ნაპოლის” თამაშის ხარისხი არ გაუმჯობესებულა. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დელ ჯენიომ ამის გამო გუნდის მწვრთნელი ვალტერ მაცარი გააკრიტიკა.

„რადიო გოლთან” საუბრისას დელ ჯენიომ თქვა: „ნაპოლი” პროგრესს არ განიცდის. შესაძლოა უარესადაც კი თამაშობს. გუნდი „მონცასთან” და „სალერნიტანასთან” დაახლოებით ერთნაირი იყო. უტოპიურ ოცნებას, რომ მაცარის ხელში „აძური” გასული სეზონის დონის ფეხბურთს აჩვენებს, აზრი არ აქვს”.

მწარე სიტყვებია, რომელიც მწვრთნელთა ამჟამინდელი შტაბის კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებს. მეორე მხრივ ფაქტია, რომ „ნაპოლის” ფეხბურთს ხარისხი აკლია. გუნდი ნელა მანევრირებს, უკბილოდ უტევს, გოლის გატანა უჭირს. დელ ჯენიომ განაგრძო:

„ამ ეტაპზე მიმართულების მთლიანად შეცვლა სჯობს. მერე რა, რომ გუნდის თამაში გარკვეულ პრინციპებზეა აგებული. მოედანზე უნდა იყვნენ ფიზიკურად უფრო ძლიერად მომზადებული ფეხბურთელები, წინასწარ დადგენილი იერარქიის გარეშე. ჩვენ შოკი გვჭირდება”.

პორტალ napolipiu-ს აზრით ჟურნალისტის ეს ნათქვამი ძალიან ჰგავს მოწოდებას აურელიო დე ლაურენტისისადმი, გავიდეს ბაზარზე და მაცარის ისეთი ფეხბურთელები უყიდოს, რომელთაც ამ უკანასკნელის ცოდნისა და უნარის მწვრთნელი ათამაშებს ფეხბურთს, რომელიც იცის.

„თუ ჩვენ რუდი გარსიას ვაკრიტიკებთ, მაშინ მაცარიც უნდა ვაკრიტიკოთ, რადგან ის უარესს აკეთებს”, — დააგვირგვინა ჟურნალისტმა. ფაქტია, რომ გარსიას ხელში „ნაპოლი” ოთხეულში ტრიალებდა, ახლა კი ევროპა ლიგაზე გამსვლელი ადგილისთვის იბრძვის.