Khvicha Kvaratskhelia, the captain of Georgia, and Giorgi Mamardashvili of Georgia lead their team on pitch prior to the international friendly match...4 აპრილს „ლივერპული’’ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტის’’ სტუმრობს. ქართველ გულშემატკივარს აინტერესებს ითამაშებს თუ არა ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილი. როგორც ლივერპულური საიტი This is Anfield წერს, გულშემატკივარს დიდი იმედი იმისა, რომ „ქალაქელებთან’’ შეხვედრაში კარს ალისონი დაიცავს არ უნდა ჰქონდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მერსისაიდელთა შემადგენლობაში სწორედ საქართველოს ნაკრების გოლკიპერს ვიხილავთ.

პორტალი წერს მოჰამედ სალაჰზეც, რომელმაც ტრავმის გამო „ბრაიტონთან’’ შეხვედრა (1:2) გამოტოვა და მარტის ამხანაგურებში ვერც მშობლიური ეგვიპტის ნაკრებს დაეხმარა საუდის არაბეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ. სამაგიეროდ, 33 წლის ვარსკვლავი „ეტიჰედზე’’ დაბრუნდება. ის სავარაუდოდ კოდი გაკპოს შეცვლის. რაც შეეხება ლივერპულელი გულშემატკივრის საყვარელ ალისონს, მან სოციალურ ქსელში თავად დაპოსტა, დროებით შეხვედრებში მონაწილეობას ვეღარ მივიღებო. „ბრაიტონთან’’ შეხვედრის შემდეგ ალისონმა ბრაზილიის ნაკრების შეხვედრებიც გამოტოვა საფრანგეთსა და ხორვატიასთან.

ითამაშებს თუ არა „მანჩესტერ სიტის’’ წინააღმდეგ ფედერიკო კიეზა? ეს ჯერჯერობით გაურკვეველია. ბოლო რაც ამ იტალიელი ფეხბურთელის შესახებ ვიცით არის ის, რომ მან იტალიის ნაკრების შეხვედრებში ვერ მიიღო მონაწილეობა. „სკუადრა აძურას’’ მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მხოლოდ ის თქვა, რომ „კიეზა შეხვედრისთვის თავს მზად ვერ გრძნობდა’’.