არდა გიულერი ფიზიკურ მომზადებაში შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს. ოთხშაბათს „რეალის’’ ვარჯიშზე თურქმა ნახევარმცველმა პინტუსის ტესტებში ყველას აჯობა. ანტონიო პინტუსი გახლავთ მადრიდელთა ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, რომელმაც თავისი ტესტები შეიმუშავა.
ვარჯიშზე ფეხბურთელებს გაუკეთეს ეგრეთწოდებული მეტაბოლური ნიღბები, რომლებიც რეალურ დროში ზომავენ შესუნთქულ ჟანგბადისა და ამოსუნთქულ ნახშირორჟანგის რაოდენობას. ეს ტექნოლოგია იძლევა საშუალებას დადგინდეს თითოეული ფეხბურთელის აერობული ამტანობა.
როგორც მოგახსენეთ, „ლოს ბლანკოსის’’ ფეხბურთელთა შორის ყველაზე ძლიერი 20 წლის არდა გიულერი აღმოჩნდა. გიულერის მიერ ნაჩვენებმა შედეგმა განამტკიცა შთაბეჭდილება, რომ მან არა მხოლოდ ტაქტიკურად, არამედ ფიზიკურადაც დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. „რეალის’’ წარმომადგენლის თქმით, ასეთი მეთოდიკა დატვირთვათა კორექტირების შესაძლებლობას იძლევა. კლუბში ოპტიმიზაციას უკეთებენ შედეგებს მთელი სეზონის განმავლობაში და ზუსტად იციან, მიმდინარე მომენტში როგორ ფორმაშია მათი ესა თუ ის ფეხბურთელი.
როგორც „მარკა’’ წერს, ყველაფრის მიუხედავად „რეალს’’ მაინც აკლია კომპლექსური ბიომექანიკური პერსონალიზაცია, რაც კუნთის ტრავმებისგან იცავს, ეს კი ბოლო წლებში მადრიდელთა ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს.
ცნობისთვის: გიულერი „რეალის’’ ფეხბურთელთა შორის ჩუამენთან და ბელინგემთან ერთად საშუალოდ თითოეულ შეხვედრაში ყველაზე მეტს დარბის. მანძილი, რომელსაც ისინი 90 წუთში ფარავენ 10 კილომეტრს აღემატება, თურქის ჯამური მაჩვენებელი კი ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 556 წუთიდან 55.6 კილომეტრია.
ტესტირებამ აჩვენა, რომ გიულერი ტოპ-5 ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ფეხბურთელია, არ იღლება. საოცარია, მაგრამ შესვენების შემდეგ ის 6 პროცენტით მეტ ფართობს ფარავს, ვიდრე შესვენებამდე. არადა, ფეხბურთელების უმრავლესობა მეორე ტაიმში პირველთან შედარებით 10-30 პროცენტით ამცირებს სირბილს. სტატისტიკა აგრეთვე აჩვენებს, რომ თურქი მეორე ტაიმში სხვებზე 8 პროცენტით მეტ სპრინტს ასრულებს.
გიულერთან ერთად „რეალის’’ ფეხბურთელთა შორის ფიზიკურ მომზადებაში გამოირჩნენ ფრან გარსია, ფედე ვალვერდე და დავიდ ალაბა.





