ალისონ ბეკერის ტრავმის გამო „ლივერპულის’’ კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ბოლო შეხვედრაში, სტამბოლში „გალათასარაის’’ წინააღმდეგ ის მეორე ტაიმში ჩაერთო საქმეში, მატჩის შემდეგ კი ანდრე სლოტმა თქვა, რომ ალისონს რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუწევს, რაც მამარდაშვილს ძირითადი შემადგენლობის კარს უხსნის. შემდეგ The Athletic‑მა დაწერა, რომ ბრაზილიელი მწყობრში ნოემბრის სანაკრებო კვირეულის დასრულებამდე ვერ დაბრუნდება. ესე იგი შემდეგი 8 შეხვედრის განმავლობაში „ლივერპულის’’ კარს ქართველი მეკარე დაიცავს.
„მეილ სპორტი’’ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ასისტენტს ინგლისელ დევიდ ვებს ელაპარაკა. გაზეთს აინტერესებდა რას უნდა ელოდონ მამარდაშვილისგან „ლივერპულის’’ გულშემატკივრები.
„გიორგი ალისონის დონის მეკარე ჯერ არ არის, მაგრამ სულ აუმჯობესებს თამაშს. ის დაცვას ხელმძღვანელობს. ის შეგვიძლია შევადაროთ ჯანლუიჯი დონარუმას, რომელიც მასიურია, ქარიზმატული და დარტყმების მოგერიება ეხერხება. 2023 წლის სექტემბერში, როდესაც საქართველოს ნაკრებთან ერთად პირველად ვიყავი შეკრებაზე, მან თავისი ქარიზმით მყისვე მიიპყრო ყურადღება. ის მშვენიერი მოსაუბრე და ჩინებული მეკარეა. როგორც კი დავინახე, შევძახე: ვაუ! ის მართლაც გამოირჩეოდა.
გიორგის აქვს რთულ მომენტებში ზეწოლის გაძლების უნარი. ევროპის ჩემპიონატზე მამარდაშვილი სრულად გაიხსნა და მაშინ მივხვდი, რომ გიორგის უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში’’.
„ლივერპულის’’ ფანები, რომელთაც ევრო 2024-ს უყურეს, უეჭველად დაიმახსოვრებდნენ მამარდაშვილს, რადგან მან საქართველოს ნაკრების მერვედფინალისკენ საოცარ სვლაში დიდი წვლილი შეიტანა, განსაკუთრებით კი ჩეხეთთან შეხვედრაში გამოირჩეოდა (1:1), როდესაც 11 დარტყმა მოიგერია. 197 სანტიმეტრი სიმაღლის 25 წლის გოლკიპერი მართლაც უზარმაზარი პოტენციის მეკარეა, რომელიც ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტის’’ მეკარე დონარუმას მოგაგონებთ. ერთ-ორ ეპიზოდში მან ოსტატობა „საუთჰემპტონთან’’ ლიგის თასზე ამასწინდელ შეხვედრაში გამოამჟღავნა.
საიტი empireofthekop წერს, რომ მამარდაშვილის მთავარი ამოცანა არის ჩვენება, რომ ის ალისონის საიმედო შემცვლელია და „ლივერპულს’’ შეუძლია მშვიდად დაელოდოს იმ დღეს, როდესაც ბრაზილიელი წავა. პორტალს მიაჩნია, რომ მან ახალი გუნდის ფანებს უნდა დაუმტკიცოს, რომ ისევე როგორც ირლანდიელი კევინ კელეჰერის დროს, ალისონს თადარიგში საიმედო კაცი ჰყავს.
ევრო 2024-ზე ბრწყინვალე თამაშისა და „ვალენსიაში’’ ჩატარებული 127 შეხვედრის შემდეგ მისთვის დიდ სცენაზე გასვლა უცხო არ არის, ასე რომ „ლივერპულის’’ კარში ჩადგომა მისთვის წარმოუდგენლად დიდი ტვირთი არ უნდა იყოს.